logo
ENG



პოლიციამ პროკურატურასთან ჯამში 9 აქტივისტი დააკავა, მათგან 5 ხელწერილით გათავისუფლდა

03 ივნ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock 1409
2021/06/03/ale0n1969nyc2z8.jpg

პროკურატურასთან, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აქტივისტების დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის მოხდა.

ცხრიდან 5 აქტივისტი, მათ შორის გიგა მაქარაშვილი და ნიკა ფარულავა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

პროკურატურასთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა კითხვებზე პასუხის მისაღებად უწყებაში შესვლა სცადეს. მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, პოლიციელებმა გიგა მაქარაშვილს დაკავების დროს ხელი მოტეხეს.

საგამოძიებო უწყებასთან პოლიტიკოსები და სამოქალქო აქტივისტები არიან შეკრებილი. მათ ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერებით: "გააღეთ პანსიონის კარი", "დასაჯეთ მოძალადეები", "დავასრულოთ ბავშვების ტყვეობა", ანაფორა არ გათავისუფლების პასუხისმგებლობისგან" და სხვა. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც.

გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.


close დახურვა