ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში კომპანია ენკას ოფისთან აქცია გამართეს. ისინი ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები პროტესტს საყვირებით გამოხატავდნენ. აქტივისტებმა ენკას ოფისის შესასვლელი სიმბოლურად წებოვანი ლენტითაც დალუქეს.
როგორც ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რიონის ხეობის მცველები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მისივე თქმით, შაბათს არის დაგეგმილი შეხვედრა ევროკავშირის მედიაციით, რომელსაც ორგანიზატორები დაესწრებიან.
გოლეთიანი ამბობს, რომ იქამდე პოლიციამ რიონის ხეობა უნდა დატოვოს.
"გადაკეტილი გვაქვს ყველა გზა, პრაქტიკულად 6 გზაზეა საუბარი. პოლიცია გვემუქრება და გვეუბნება, რომ ჩვენს თანამონაწილეებს სხვადასხვა ლოკაციებზე აყრიან და დაიჭერენ. ამას რა თქმა უნდა არ დავუშვებთ, დაიგეგმება შემდეგი დიდი აქცია და დაიწყება ისეთი პროცესი, რომელიც არავის არ გვინდა ამ ქვეყანაში. მოვუწოდებთ იყვნენ ადეკვატურები პროცესის მიმართ. უნდა შეწყდეს რეპრესიები და პოლიციამ რიონის ხეობა დატოვოს.
შაბათს მივიღებთ მონაწილეობას ევროკავშირის მედიაციით მიერ გამართულ შეხვედრაში. თუ პირობები შესრულდება ჩვენ არაფერი გვიშლის ხელს, რომ დიალოგის გზით დავამტკიცოთ, რატომ არ არ უნდა აშენდეს კონკრეტულად ეს ჰესი. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დავბლოკავთ ამ ადგილს, ვერ გადაინაცვლებენ ვერსად, ვერ იქირავებენ ვერც ერთ შენობას. პრაქტიკულად გადაადგილების საშუალებას არ მივცემთ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მოგვიანებით, აქტივისტებმა სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც რიონის ხეობის მცველების პროცესი უნდა გაიმართოს.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. აღსანიშნავია, რომ 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.
ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.
აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.