logo
ENG



მხილების შემდეგ ყოფილ პანსიონელს საპატრიარქოს საცხოვრებელი დაატოვებინეს

09 ივნ 202120:58
3 წუთის საკითხავი
clock 2713
2021/06/09/xzt4mh9e0qlkjzp.png

18 წლის ლუკა ხაჩიძე, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში გაიზარდა, ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან გამოაგდეს. 

მიზეზი, როგორც თავად ფორმულასთან ყვება, პანსიონში ძალადობის ფაქტების შესახებ პოლიციისთვის მიწოდებული ინფორმაციაა. 

ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტსაც მთავარეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. 

ლუკა ხაჩიძე ფორმულასთან ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრების წლებს და ძალადობის შემთხვევებს იხსენებს. ამბობს, რომ ძალადობის შემთხვევების შესახებ სასულიერო პირს ყოველთვის ჰქონდა ინფორმაცია, რასაც თავად აღზრდის მეთოდებს უწოდებდა.

"მე და ჩემს მეგობრებს თუ ასე მოგვექცნენ, რა გარანტიაა, რომ სხვებსაც ასე არ ექცეოდნენ. მოგვიწამლეს ცხოვრება, წაგვართვეს ბავშვობა. 

უკიდურესი შემთხვევა იყო ფიცრით ცემა. გვეუბნებოდნენ, რომ არ უნდა გაგვკვირვებოდა. აკაკი წერეთელს, ილია ჭავჭავაძეს ასე სცემდნენ და სწორედ ამიტომ გამოვიდნენ კაცები. და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი უნდა დაგვემალა, რადგან ეს ისევ ჩვენთვის იყო კარგი". - ყვება ის. 

მომხდარს გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ომბუდსმენის განცხადებით, ვინაიდან ახალგაზრდას არ აქვს სხვა საცხოვრებელი, იგი სახალხო დამცველის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციით დროებით განთავსდა უსაფრთხო გარემოში.

სახალხო დამცველის თქმით, აპარატი მონიტორინგს გაუწევს მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესს. 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები და ყოფილი აღსაზრდელების უფლებრივი მდგომარეობის დაცვას. პროაქტიურად შესთავაზონ მათ უსაფრთხო გარემო და დაიცვან ნებისმიერი ფორმის ძალადობის, ზეწოლისა და იძულებისგან.

ამასთან, გაგრძელდეს და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მოხდეს იქ მყოფი არასრულწლოვნების რეინტეგრაცია ოჯახებში და ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში განთავსება ალტერნატიული ზრუნვის ადგილებში.

ამ განცხადების გავრცელებამდე ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ სწორედ ღია ცის ქვეშ დატოვებაა ერთ-ერთი მუქარა, რომლის ძალითაც პანსიონში აღსაზრდელებს აჩუმებენ - დახურული სივრცის დატოვებამდე ადმინისტრაცია ბენეფიციარებს ხვდება და აფრთხილებს, ძალადობის შესახებ არ ისაუბრონ, წინააღდეგ შემთხვევაში პანსიონი დაიხურება და ისინი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებიან. 


close დახურვა