logo
ENG



შუქრუთელმა მოშიმშილეებმა "ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებას მიაღწიეს და პროტესტი შეწყვიტეს

09 ივნ 202123:25
3 წუთის საკითხავი
clock 795
შუქრუთელმა მოშიმშილეებმა "ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებას მიაღწიეს და პროტესტი შეწყვიტეს

რამდენიმე საათის წინ შუქრუთელმა მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს - პროტესტის მონაწილეებმა კომპანია ჯორჯიან მანგანეზთან  შეთანხმებას მიაღწიეს და სახლებში ბრუნდებიან. 

ჯორჯიან მანგანეზის მოთხოვნით, შეთანხმების დეტალები საჯარო აუდიტორიისთვის ცნობილი არ არის.  

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები ყურადღებასა და საკუთრების უფლების დაცვას 110 დღის განმავლობაში მოითხოვდნენ. 

აქციაში მონაწილე შუქრუთელების ნაწილმა პირი ამოიკერა და ამ გზით მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას. მოშიმშილეთაგან 5 კაცი იყო, 3 კი - ქალი.  

მოშიმშილეები ამბობდნენ, რომ ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლებოდა და შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ინგრეოდა, ნაწილი კი უკვე დაინგრა. 

30 მაისს შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან დაბანაკდნენ. ისინი ამერიკის ელჩს კელი დეგნანს ცენტრალური ხელისუფლებისთვის "ხმის მიწვდენაში" სთხოვდნენ დახმარებას. 

თბილისში აქციის პარალელურად 31 მაისს ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კომპანია მზად იყო, სამხარაულის ბიუროსთვის მიენდო შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალის შეფასება და ზარალის არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობისთვის შესაბამისი ზარალის ანაზღაურება. 

შუქრუთელების პროტესტზე ვრცლად წაიკითხეთ აქ

 


close დახურვა