logo
ENG



ოხანაშვილი: პარტიების დაფინანსების კანონი იქნება პრევენციული და 2022 წლიდან ამოქმედდება

10 ივნ 202113:19
3 წუთის საკითხავი
clock 880
ოხანაშვილი: პარტიების დაფინანსების კანონი იქნება პრევენციული და 2022 წლიდან ამოქმედდება
ფორმულა

ვენეციის კომისიისა და ეუთოს დასკვნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარტიების დაფინანსების შესახებ. 

დეპუტატი და ინიციატორი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ დასკვნაში ასახული შენიშვნების შემდეგ გადაწყვიტეს კანონპროექტი არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდეს. ოხანაშვილი ამას იმით განმარტავს, რომ ეს იქნება პრევენციული ფაქტორი.

"ჩვენ მივიღეთ რეკომენდაციები ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისგან და იყო მოწოდება, რომ მოგვეხდინა ამ საკითხის რევიზია, ჩვენ გადავხედეთ ამ საკითხს და იმის ნაცვლად, რომ ამოქმედდეს გამიქვეყნებისთანავე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამოქმედდეს 2022 წლის პირველი თებერვლიდან, რათა არ იყოს აღქმა, რომ ეს კეთდება პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, არამედ იყოს სწორება იმაზე, რომ ეს არის დემოკრატიის პრინციპის შესაბამისი. [...] 

ვინც შემოსულია მათ სადარდებელი არაფერი აქვს, მაგრამ ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც მიდიან დემოკრატიის საწინააღმდეგოდ, იქნება ბერკეტები, რომელიც უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების გატარებას და ეს იქნება პრევენციული ფაქტორი", - თქვა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან. 

კანონპროექტის წარდგენისას მანვე განმარტა, რომ პროექტის მთავარი მიზანია მოახდინოს პრევენცია იმ შემთხვევების, როდესაც დემოკრატიის საწინააღმდეგოდ შესაძლებელია განხორციელდეს საბოტაჟი:

"თუკი დადგება დრო, როცა უბრალოდ არ მოეწონა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შედეგი, თუმცა ეს შედეგი აღიარებულია ცივილიზებული მსოფლიოს მიერ და დადასტურებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ამ შემთხვევაში ირთვება თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მექანიზმი".

რას გულისხმობს პარტიების დაფინანსების შეწყვეტა?

ანრი ოხანაშვილის თქმით, კონკრეტულ პარტიას ექნება არჩევანის თავისუფლება, მის მიერ კონკრეტული ქმედებიდან გამომდინარე.

კერძოდ, თუ ნახევარი მაინც შეიწყვეტს უფლებამოსილებას, ამოქმედდება დაფინანსების შეწყვეტის მექნიზმი. იგივე დათქმა მოქმედებს ბლოკში შემავალ პარტიებზე. 

"პარტია კარგავს ბიუჯეტიდან დაფინანსებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცდირდება. ამ გარემოების შემთხვევაში, პარტიას ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან", - წერია კანონპროექტში. 

ასევე, თუკი პარტიის წევრთა ნახევარი მაინც, პლენარული სხდომების ნახევარს არასაპატიო მიზეზით გააცდენს, პოლიტიკურ გაერთიანებას 6 თვით შეუჩერდება დაფინანსება. 

ცვლილებების თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

რას ამბობს ვენეციის კომისია/ეუთო/ოდირი?

 

ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის 24 მარტის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები არღვევს პოლიტიკური პარტიების უფლებას თანაბარი შესაძლებლობების შესახებ, რაც გამოიხატება მათთვის უფასო საეთერო დროის შეჩერებაში იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას.

ვენეციის კომისია ასევე შეშფოთებულია ცვლილებებით, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დატოვებს პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, რომელიც არ აითვისებს მიღებული საპარლამენტო მანდატების მინიმუმ ნახევარს, და მომდევნო 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსებას პოლიტიკურ პარტიას/ბლოკს, რომელიც საპატიო მიზეზის გარეშე არ დაესწრება პლენარულ სხდომებს. 

დასკვნის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება მათთვის დაფინანსების ჩამორთმევით, თუ დეპუტატები არ დაესწრებიან პლენარული სხდომების უმეტესობას, არის არაპროპორციული და ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს, რომელიც უკვე არეგულირებს ასეთ საკითხებს ცხადად და დაბალასებულად

 ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებისთვის ხელფასის გადახდა სავალდებულოა". - ნათქვამია დასკვნაში. 

ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის საერთო მოსაზრების მიხედვით, უფრო პროპორციული და მისაღები გზა იქნება ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც მოიცავს ცალკეული დეპუტატებისთვის სანქციების დაკისრებას მათი ქმედებების შესაბამისად. ეს მეტად თავსებადი იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან.  


close დახურვა