logo
ENG



სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

10 ივნ 202122:16
3 წუთის საკითხავი
clock 532
2021/06/10/wn1yylktajxtv04.png

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. 

უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გეღარქუნიქის რაიონის სასაზღვრო ზონაში კიდევ ერთხელ სცადეს საინჟინრო სამუშაოების ჩატარება, თუმცა სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანელებს ამ საქმიანობის შეწყვეტა აიძულეს. 

სომხეთის თავდაცვის უწყების თანახმად, ამის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის სამხედრო დანაყოფებს ცეცხლი გაუხსნა და ამას სამხური მხრიდან საპასუხო ცეცხლიც მოჰყვა, თუმცა მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ცოტა ხნის წინ განცხადება აზერბაიჯანულმა მხარემაც გაავრცელა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მსხვერპლი არც მათ მხარეს არის, თუმცა ამბობენ, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა. 

"ცეცხლის გახსნა ჩვენი პოზიციების მიმართულებით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით დასტურდება. ამ დროს არ დაშავებულა არც ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. სომხური მხარე აგრძელებს სიტუაციის დეესკალციის პოლიტიკას", - ამბობენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.  

2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა, დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. ორჯერ რუსეთში, მესამედ კი აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეთანხმების ხელშეკრულების მიუხედავად, ომი არ შეწყვეტილა. არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო.  კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.  

მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია. არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს.

აზერბაიჯანულმა მხარემ 8 ნოემბერს გაავრცელა ცნობა, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა მთიან ყარაბაღში სტრატეგიულ ქალაქზე, შუშაზე კონტროლი დაამყარეს. გარდა ამისა, მანამდე მათ კონტროლი დაამყარეს რამდენიმე ქალაქსა და სოფელზე. მოგვიანებით, 10 ნოემბერს, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი.


close დახურვა