"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტოტალურ კონტროლში!" - ასე ეხმაურება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი პარლამენტის მიერ "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას.
როგორც სიმონიშვილი Facebook-ზე წერს, ახალი კანონი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინტერნეტის სრული კონტროლის უფლებას აძლევს.
"ამასობაში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მთელი ინტერნეტის კონტროლის უფლებას აძლევს. ეს კანონპროექტი წინა მოწვევის პარლამენტში იხილებოდა და მაშინ მესამე მოსმენის კენჭისყრაზე გაჩერდა, ახლა კი ბოლომდე მიიყვანეს საქმე. ასე რომ, სუს-ს მარტო მოსმენები კი არა, ინტერნეტიც ჩაუვარდა ხელში", - წერს სიმონიშვილი.
"ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 77-მდა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.
პროექტის თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები 3-კატეგორიად დაიყოფიან. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
ამასთან, ხდება ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.
კენჭისყრის წინ, კანონის ამოქმედების ვადა დაკორექტირდა და 2021 წლის 30 დეკემბრით განისაზღვრა.