პარლამენტში, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას აქტივისტებმა პერფორმანსი მოაწყვეს. მათ სხდომათა დარბაზში ფურცლები გადმოყარეს წარწერით "რა ხდება ნინოწმინდის" პანსიონში.
სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა. აქტივისტების პერფორმანსს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
"რა უცნაური პერფორმანსი იყო", - განაცხადა ვოლსკიმ.
ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.
პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს, გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.
პანსიონში შესვლის უფლებას ომბუდსმენს ამ დრომდე არ აძლევენ.