პროპუტინური, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერი, ლევან ვასაძე ქართულ ოცნებას 10-დღიან ვადას აძლევს, გააუქმონ 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში".
დღეს, 15 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ვასაძემ ირიბად მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. მან მოუწოდა მთავრობას, არ მისცენ საბაბი "ესკალაციასა" და "დაპირისპირებას".
"მე მოვუწოდებ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ქართული ოცნების ლიდერებს, მოეშვან ამ თამაშებს და გააკეთონ ძალიან მკაფიო არჩევანი, ან დადგნენ საზოგადოებრივი ნორმის, მორალის და ტრადიციების გვერდით და გააუქმონ დაანონსებული ე.წ. პრაიდი, როგორც მათ ჩვენ ეს გავაკეთებინეთ 2 წლის წინ.
დღეს ხომ არის 15 ივნისი, ვადას ვაძლევთ 25 ივნისამდე, გააუქმონ, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ჩვენს უშუალო სამეზობლოში", - ამბობს ვასაძე.
"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.
ამ ფორმით ისინი, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადებენ სოლიდარობას.
"ქვიარ თემის წევრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხმამაღლა და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.
ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ:
- უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება;
- Შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
- უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
- დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.
თბილისი პრაიდის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას ერთად შეებრძოლონ უსამართლობას.