logo
ENG



გია ვოლსკი მეუფე სპირიდონს "თავდადების გამო" მადლობას უხდის

16 ივნ 202114:36
3 წუთის საკითხავი
clock 1036
გია ვოლსკი მეუფე სპირიდონს "თავდადების გამო" მადლობას უხდის

პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილ ხელმძღვანელს, მეუფე სპირიდონს "თავდადების გამო" მადლობას უხდის. 

რაც შეეხება პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ვოლსკი ამბობს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ "ისტერიკული პოზიცია" არა სიმართლის დადგენას, არამედ მისთვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად. 

"თუკი რაიმე გადახრა არსებობდა, რა საკვირველია, პირველმა ამის წინააღმდეგ უნდა გაილაშქროს და გაილაშქრებს კიდეც ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა. მაგრამ ის სკანდალური, ისტერიკული პოზიცია, რაც ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ სიმართლის დადგენა კი არ უნდა ვინმეს, ზარალის მიყენება უნდა ეკლესიისათვის.

მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც თავისი თავდადების გამო და ყველა სასულიერო პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და სიყვარულით ემსახურებიან. ცალკეული გადახრა, თუ ეს დაშვებული იქნა, არის ჩვენი საზოგადოების საზრუნავი, მაგრამ აქ განსხვავებულობა არ უნდა იყოს. სახალხო დამცველს, ეკლესიის და სახელმწიფოს წარმომადგენელს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს - ბავშვის ინტერესები უპირველეს ყოვლისა", - თქვა გია ვოლსკიმ.

ნინოწმინდის პანსიონში ამ დრომდე რჩება 23 ბავშვი, სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება.

პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.

მეუფე იაკობმა დღეს პანსიონიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა და თქვა, რომ "ამდენი თანამშრომლის ყოფნა საჭირო არ არის".

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების აღსრულება ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს. 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬


close დახურვა