გერმანიაში დასაქმებულ ქართველებს, რომლებიც არასათანადო სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ, სხვა დამსაქმებლებთან გადაიყვანენ.
როგორც გერმანიის საელჩო იუწყება, დამსაქმებელმა დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები.
გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოში ამბობენ, რომ ეს პრობლემა ცალკეულია და აუცილებლად მოჰყვება რეაგირება მათი მხრიდან.
„გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მძიმე პირობების შესახებ მათ პირველად 18 მაისს ისაუბრეს. მათი თქმით, შესასრულებელი სამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს. დასაქმებულებმა მაშინ ფორმულას უთხრეს, რომ მათი ხელფასი სამჯერ ნაკლებია, კვება პრობლემაა, საცხოვრებელი პირობები კი არასათანადოა. მათივე თქმით, დახმარებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და გერმანიაში საკონსულს, ჩასვლისთანავე მიმართეს, თუმცა 10 დღეა რეაგირება არ მომხდარა.
მეორე დღეს, 19 მაისს სააგენტომ თქვა, რომ "ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის".
დასაქმებულებმა არასათანადო შრომით პირობებზე ექსკლუზიურად ფორმულასთან ისაუბრეს.