logo
ENG



"მილი-სტები" თუ "მინისტრები" - რას ამბობდა ღარიბაშვილი ბერასთან აუდიოჩანაწერზე

18 ივნ 202116:05
3 წუთის საკითხავი
 

​საქართველოს მთავარი პროკურატურის მტკიცებით​ბერა ივანიშვილისს, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის აუდიოჩანაწერი, რომელიც ტვ პირველმა 2021 წლის 6 მარტს გაავრცელა და რომელშიც ისინი ბერას შეურაცხყოფისთვის არასრულწლოვნებზე ანგარიშსწორებას განიხილავენ, გაყალბებული და მოდელებულია

აუდიოჩანაწერი მოიცავს რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს.

აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ არაერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჩანაწერის ავთენტურობა არ უარუყვია თავად ბერა ივანიშვილსაც. მან თქვა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, ან მის "ოჯახს შეეხება", "აუცილებლად პასუხს მოსთხოვს". 

თავად ირაკლი ღარიბაშვილმა კი 12 მარტს თქვა, რომ ჩანაწერი 11 წლის წინანდელია - ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე გაკეთებული და ის "უამრავი საუბრის" "მდარე ფაბრიკაციაა". 

მაშინ საუბრის სავარაუდო დანაშაულებრივ შინაარსზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანზორ ჩუბინიძე, რომელიც ჩანაწერების მიხედვით ანგარიშსწორების შემსრულებელია, საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ვინაიდან ბერა ივანიშვილის მიმართ ლიკვიდაციის და სხვა სახის ჯგუფური მუქარები არსებობდა. 

მისივე თქმით, ჩუბინიძე ადრესატს მეზობლებისა და ოჯახის წევრების თვალწინ "გაესაუბრა", რათა მუქარის რისკები "გამოეკვლია".  

"მოხდა უბრალოდ გასაუბრება მეზობლების და ოჯახის წევრების თვალწინ. იმიტომ, რომ მაშინ გარკვეული ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომელიც ემუქრებოდა ლიკვიდაციით ბერა ივანიშვილს. იყო არაერთი მუქარა და ასე ვთქვათ, შეურაცხმყოფელი მუქარები.

აქედან გამომდინარე, ეს იყო პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება ჩუბინიძის, როგორც იმ დროს ოჯახის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, რომ გამოეკვლია, მათ შორის, პოლიციის ჩართულობით, ვინაიდან დაცვის პოლიცია ემსახურებოდა მაშინ ბატონ ივანიშვილს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ნათელი", - თქვა 12 მარტს პრემიერმინისტრმა. 

მან გაიმეორა თანაგუნდელების გზავნილი, რომ ჩანაწერში აღწერილი ქმედებების შედეგად დაზარალებული არ არსებობს. 

"დანაშაული არ მომხდარა ვინაიდან არ არსებობს დაზარალებული", - ამბობს ღარიბაშვილი და მიიჩნევს, რომ დაზარალებული ამ საქმეში სავარაუდო უკანონო მოსმენის გამო თავად არის, - "კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი. თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი ჩანაწერისგან - ფაბრიკაციაა. დაზარალებულები ვართ ჩვენ, მე პირადად". - განმარტა მან მაშინ. 

რაც შეეხება ჩანაწერში მინისტრებთან სისტემატურ კომუნიკაციაზე მინიშნებას, რასაც მრავალი მიმომხილველი იმის დასტურად მიიჩნევდა, რომ ჩანაწერი ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის გაკეთებული, ღარიბაშვილი ხსნიდა, რომ საუბრების დროისთვის იგი ფონდ ქართუს დირექტორის თანამდებობას იკავებდა, რის გამოც, ხშირად უწევდა სახელმწიფო მინისტრებთან ურთიერთობა და მათთან საქმიანი კომუნიკაცია. 

"ბუნებრივია, მაშინ მე მიწევდა ურთიერთობა, პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან". - ამბობდა პრემიერმინისტრი 12 მარტს.

პროკურატურის დღევანდელი განცხადების მიხედვით კი, ქსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ აუდიო ჩანაწერებში სიტყვა "მინისტრები" საერთოდ ნახსენები არ არის, არამედ მონტაჟის ფონზე, ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები "მილი" და "სტები", ხოლო მათი შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია მიმსგავსებული სიტყვა მილი-სტები".


close დახურვა