logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: მერიამ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის ₾826 078 დახარჯა

19 ივნ 202115:55
3 წუთის საკითხავი
clock 2595
2021/06/19/iojba0qwlpyymci.jpg

ფლანგვის დეტექტორის მოკვლევით, თბილისის მერიამ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის ₾826 078 დახარჯა, თუმცა, მეტროსადგური კვლავ ურემონტოა. 

2016 წელს ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციოდ “ყვარელრემმშენს” 347,848 ლარი გადაუხადეს, თუმცა სამუშაოების დასრულებიდან 5 თვეში მეტროს ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა.

ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ყვარელრემმშენი შესყიდვების სამსახურის "შავ სიაში" იმყოფებოდა და მიუხედავად ამისა, კონტრაქტი მაინც ამ კომპანიასთან გაფორმდა, თანაც უკონკურენტო გარემოში.

მეტროში მისი შეკეთებული ჭერის ჩამონგრევის შემდეგ ყვარელრემმშენმა დამატებით 478,230 ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგო, მათ შორის, სკოლის რემონტი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა.

ჭერის ჩამონგრევიდან 1 წლის შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა “ერთი წელი გავიდა. ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია". თუმცა ჩამონგრევიდან 3 წლის შემდეგადაც იგივე მდგომარეობაა, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ამ დროის განმავლობაში კიდევ 400 ათასამდე ლარი დახარჯა. 

ვარკეთილის სადგურის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო. მეტროს სადგურების კაპიტალური შეკეთება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვას და ინტერიერის განახლებას ითვალისწინებდა.

ფლანგვის დეტექტორი წერს: 

მეტროს რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი 2016 წელს გამოცხადდა. გამოცხადებულ ტენდერში შპს "ყვარელრემმშენმა" უკონკურენტოდ გაიმარჯვა, რის შედეგადაც 347,848 ლარი მიიღო. დღევანდელი მონაცემებით კომპანიას აღნიშნული თანხის 96% ანუ 333,988 ლარი აქვს აღებული. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის სექტემბრიდან (შემდგომი 1 წლის განმავლობაში), ანუ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია შესყიდვების სამსახურის "შავ სიაში" იმყოფებოდა, თუმცა აღნიშნულ ფაქტის მიუხედავად კონტრაქტი მაინც გაფორმდა.

იმჟამინდელი მერის, დავით ნარმანიას თქმით, მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანია იღებდა ვალდებულებას, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოები იქნებოდა ხარისხიანი და 10 წლის განმავლობაში არ გამოვლინდებოდა დეფექტი, თუმცა სამუშაოების დასრულებიდან მალევე, 5 თვეში მეტროს ჭერი ჩამოინგრა, რამაც ფინანსური ზარალის პარალელურად, ადამიანების დაშავება გამოიწვია, სულ 14 ადამიანი დაშავდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ საჯარო დაწესებულებებმა შპს ყვარელრემმშენთან ხელშეკრულებები მეტროს ინციდენტის შემდგომაც გააფორმეს. შპს ყვარელრემმშენმა აღნიშნული ფაქტის შემდეგ 4 ტენდერი მოიგო, მათ შორის საჯარო სკოლის რემონტი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა. კომპანიამ ინციდენტის შემდეგ ბიუჯეტიდან საერთო ჯამში 478,230 ლარი მიიღო. მოგებული ტენდერებიდან ორ შემთხვევაში ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრალური გათბობით სკოლის უზრუნველყოფა დაევალა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად კი 246,763 ლარად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა. კომპანიას დაარსებიდან დღემდე 1,496,063 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული. 

მეტროს ინციდენტის შემდეგ, 2018 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ვარკეთილი-ის კაპიტალური რემონტის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 180,000 ლარი იყო, თუმცა ტენდერი არ შედგა. ამის შემდეგ სატრანსპორტო კომპანიამ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, გამარტივებული შესყიდვის წესით 2 ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 258,000 ლარს შეადგენდა.

პირველი გამარტივებული შესყიდვა 2019 წლის მაისში გააფორმა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამარტივებული გზით შეისყიდა მეტროსადგურების (გურამიშბილი, ვარკეთილი, ავლაბარი) რეაბილიტაციის და კაპიტალური შეკეთების საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის აუცილებელი კვლევითი სამუშაოები. კომპანიამ ამისთვის 138,000 ლარი გამოყო. გამარტივებული გზით ხელშეკრულება თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად მომსახურების გაწევის ვადა 135 კალენდარულ დღეს შეადგენდა.

2019 წლის მაისში, პირველი გამარტივებული შესყიდვიდან რამდენიმე დღეში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამარტივებული გზით შეისყიდა მეტროსაგდურების (“გურამიშვილი”, “ვარკეთილი” და “ავლაბარი”) რეაბილიტაციის და კაპიტალური შეკეთების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის აუცილებელი გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევითი სამუშაოები. კომპანიამ ამისთვის 120,000 ლარი გამოყო. გამარტივებული გზით ხელშეკრულება თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს აბსოლუტ სერვისს შორის გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების გაწევის ვადა თითოეულ მეტროსადგურზე 30 კალენდარულ დღეს შეადგენდა. გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევითი სამუშაო მოიცავდა ბურღვით სამუშაოებს, კერნების ამოღებას და აღებული ნიმუშების ფიზიკურ-მექანიკური და წყლის ქიმიური თვისებების განსაზღვრას და ასევე განმარტებითი ბარათით გრაფიკული და ტექსტური ნაწილის წარმოდგენას.

2020 წლის ივნისში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა, შესყიდვის ობიექტს შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მეტროსადგურ “ვარკეთილი”-ის არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინპროექტის შესყიდვა წარმოადგენდა. შესყიდვის სავრაუდო ღირებულება 190,000 ლარი იყო. ტენდერში სულ 3 კომპანია იღებდა მონაწილეობას, საიდანაც გამარჯვებული შპს TRIA Group გახდა, რადგან მან ყველაზე დაბალი თანხა – 88,888 ლარი შესთავაზა შემსყიდველს. შესაბამისად, ხელშეკრულებაც სწორედ მასთან გაფორმდა. კომპანიას ესკიზური პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა ჩაებარებინა.

საერთო ჯამში, 5 წელია რაც მეტროს რებილიტაცია მიმდინარეობს, თუმცა ვარკეთილის მეტრო, ჯერაც არ არის სრულად რეაბილიტირებული.

ჯერ კიდევ 2019 წელს, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევიდან 1 წლის შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა “ერთი წელი გავიდა, ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია”. თუმცა, ჩამონგრევიდან 3 წლის შემდეგადაც იგივე მდგომარეობაა.


close დახურვა