logo
ENG



ბათუმში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

20 ივნ 202116:08
3 წუთის საკითხავი
clock 1889

ბათუმში, ძმები წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა ავტომობილები გამართეს, შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ და კარვების გაშლა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცეს.

აღნიშნულს პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე შეკრებილები დაკავებულების გათავლისუფლებას ითხოვენ. 

ბათუმში მოჭიდავეები, ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა, რეზო წულუკიძე, ასევე ძმები ჭელიძეები და ელდარ ანთაძე 2021 წლის აპრილში დააკავეს, მას შემდეგ, რაც სოფელ გუმათთან დაპირისპირება მოხდა. 

ოჯახის წევრების თქმით, მათი დაკავება პოლიტიკურად არის მოტივირებული. ისინი მოქალაქე ავთანდილ ახვლედიანის საჩივრის საფუძველზე სპეცოპერაციით დაიჭირეს. ახვლედიანს დაზარალებულების სტატუსი მიანიჭეს. 

ახვლედიანს, წულუკიძეებს და ჭელიძეებს შორის დაპირისპირება სოფელ გუმათთან მოხდა. საპროტესტო აქციის შემდეგ აქციის მონაწილეები ბათუმში დასაბრუნებლად მანქანებში სხდებოდნენ. ავთანდილ ახვლედიანი წულუკიძეებს და ჭელიძეებს აქციიდან წასვლას აიძულებდა. 

დაკავებულების ადვოკატის თქმით კი, ახვლედიანმა პროვოკაცია მოაწყო. 

თვითმხილველის თქმით, ჭელიძეებს თავს დაესხნენ. მანქანებში ჩასასხდომად მისულებს ახვლედიანი სხვებთან ერთად დახვდა და უთხრა, რომ გუმათის აქცია "ქუთაისური პონტია და ბათუმელები იქ არ უნდა ჩასულიყვნენ". 

მანამდე კი ფირუზ და რეზო წულუკიძეები ამბობდნენ, რომ აჭარის პოლიციის უფროსი და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მამა, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ არჩევნებში ჩართულობას უკანონო გარიგებით სთავაზობდა.

2020 წლის 21 ივნისს, დროებაში გასულ სიუჟეტის შემდეგ სადაც წულუკიძე აჭარის პოლიციის უფროსს, კონსტანტინე ანანიაშვილს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას, დავით რიჟვაძეს ზონდერ ჯგუფების შექმნაში ადანაშაულებდა - საგამოძიებო ორგანომ ძიება დღეს დაიწყო.

ფირუზ წულუკიძე პროკურატურაში გამოკითხვაზეც დაიბარეს, თუმცა, მისი თქმით, გამოძიებას არ ენდობა და დაკითხვაზე არ მისულა.

ძალოვნებთან დაახლოებული პირების მხრიდან მუქარის და ქვეყნის დატოვების მოთხოვნის შემდეგ, წულუკიძე ამბობდა, რომ მას სასამართლოს მეშვეობით უპირისპირდებოდნენ. სააპელაციო სასამართლომ იმ საქმეზე ჩანიშნა სხდომა - რომელზეც წულუკიძემ 2018 წელს სასჯელი მოიხადა.

 

close დახურვა