logo
ENG



ზაზა გახელაძის დედამ სუიციდი სცადა

21 ივნ 202112:58
3 წუთის საკითხავი
clock 959
2021/06/21/f8yz5t8ivphgh5k.jpg

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ზაზა გახელაძის მამის, მიხეილ გახელაძის თქმით, მისმა ცოლმა სუიციდი სცადა. ის ამბობს, რომ ნანა ბუნტურმა ბენზინი გადაისხა.

"მეუღლემ 5 ლიტრიანით გამოიტანა ბენზინი და გადაისხა. რძალს და ბიძაშვილის ცოლს რომ არ დაენახათ, დღეს ჩემი მეუღლე ცოცხალი აღარ იქნებოდა", - განაცხადა ზაზა გახელაზის მამამ.

მიხეილ გახელაძე სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათი შვილი უკვე მე-12 თვეა ტყვეობაშია, მთავრობისგან კი მხოლოდ დაპირებები ესმით. 

"ოჯახი დამოკიდებულები ვიყავით მთავრობაზე, რომ ჩემი შვილის საქმეზე რაღაც ბერკეტს გამონახავდნენ... ამის გამო გადავწყვიტეთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, გამოგვეხმაურნენ სუს-ის წარმომადგენლები ყველაფერს გავაკეთებთ და ზაზას ოჯახში დავაბრუნებთო, მაგრამ მე-12 თვე დაიწყო და დაპირება დაპირებად რჩება", - ამბობს ზაზა გახელაძის მამა.

ზაზა გახელაძის ოჯახი მათი შვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას 23 ივნისამდე ითხოვს- ამ დღეს ის 34 წლის ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

გახელაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან მოტყუებულები დარჩნენ - ირაკლი ღარიბაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ მათთვის მიცემული პირობა არ შეასრულეს და ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგეს.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო.

ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.


close დახურვა