logo
ENG



სტურუა: ჩვენზე რატომ გაქვთ აგზნება და ჩამოსულ რუსულ თეატრებს ტაშით ხვდებით?

22 ივნ 202109:04
3 წუთის საკითხავი
clock 2054

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ მიემგზავრება მოსკოვში დღეს, სტურუა პასუხობს: "მინდა ვნახო მოსკოვი, პუტინთან მინდა შეხვედრა".

მისივე თქმით, მან ჯერ სცენა უნდა შეამოწმოს, მსახიობები კი 27 ივნისს ჩავლენ.

შეკითხვაზე, გრძნობს თუ არა უხერხულობას მოსკოვში გამგზავრების გამო, სტურუამ თქვა, რომ უხერხულობა არ ექმნება, რადგან "ხელოვნებას საზღვარი არ აქვს".

"მე იცით რა მაკვირვებს, ჩვენზე რატომ გაქვთ ასეთი აგზნება და როცა ჩამოდიან რუსული თეატრები, მაშინ ტაშით ხვდებით? ამიტომ ნუ მელაპარაკებით პოლიტიკაზე. [უხერხულობას] არ მიქმნის, ხელოვნებას არ აქვს საზღვარი. თუ თქვენ პარტიულ კრეტინებზე ლაპარაკობთ, მე ვთვლი, რომ ყველა პოლიტიკოსი არის უზნეო ხალხი. მე მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, რას აკეთებს საქართველო მაშინ, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთმა", - ამბობს სტურუა. 

20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში მიემგზავრება. 

დასი მონაწილეობას ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს, სპექტაკლები კი 30 ივნისს, 1-2 ივლისს გაიმართება.

სპექტაკლის სახელია თამაშის დასასრული და მისი დამდგელი რეჟისორია რობერტ სტურუა.

სპექტაკლში მონაწილეობენ ნანა ფაჩუაშვილი, გოგა ბარბაქაძე, დავით უფლისაშვილი და ლევან ბერიკაშვილი.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რუსთაველის თეატრის მისამართით კრიტიკა ისმის. კრიტიკის საპასუხოდ სტურუა ამბობს, რომ "ვინც საქართველო გაყიდა", ახლა რუსთაველის თეატრს "უჩმახებს", მსახიობები კი მოსკოვში წასვლაში პრობლემას ვერ ხედავენ. თავად თეატრში აცხადებენ, რომ ფესტივალში სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ.


close დახურვა