logo
ENG



სოფელ ქვემო ჭალაში 23 ივნისს ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

22 ივნ 202111:01
3 წუთის საკითხავი
clock 655

მოძრაობა სირცხვილია და პოლიტიკური მოძრაობა დროა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.

აქცია სოფელ ქვემო ჭალაში (სკოლასთან) ხვალ, 23 ივნისს, 12:30 საათზე დაიწყება. 

"23 ივნისი, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული, ზაზა გახელაძის დაბადების დღეა. ის 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს და უკანონოდ მიუსაჯეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა.

მას შემდეგ, ერთი წელია ოჯახი უშედეგოდ ელოდება ზაზას გათავისუფლებას, ამიტომ გადაწყვიტეს, სწორედ მის დაბადების დღეზე დაიწყონ საპროტესტო აქციები.

23 ივნისს გახელაძეების ოჯახთან ერთად, სოფელ ქვემო ჭალის და მის გარშემო რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლები გამართავენ აქციას. მათ საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარდაჭერის იმედი აქვთ!ყველა უნდა დავდგეთ ზაზა გახელაძის და მისი ოჯახის გვერდით!

თბილისიდან წასვლის მსურველები 11:00-ზე შევიკრიბებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე.

თუ გჭირდებათ ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, გთხოვთ, მოგვწეროთ "დროას" ფეისბუქ გვერდზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებისგან მოტყუებულები დარჩნენ - ირაკლი ღარიბაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ მათთვის მიცემული პირობა არ შეასრულეს და ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგეს. ამის გამო მათ 23 ივნისს საპროტესტო აქცია დააანონსეს.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო. ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.


close დახურვა