კახეთში, ტაძრებში მრევლს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ პატრიოტთა ალიანსის მიერ მომზადებულ პეტიციას სთავაზობენ.
მოქალაქეები ხელმოწერით ადასტურებენ, რომ ისინი არ ენდობიან სახალხო დამცველის ინსტიტუტს და კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს:
"ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, არ ვენდობით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და არ ვენდობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს: თავისუფლების ინსტიტუტი, თანასწორობის მოძრაობა, მედიის განვითარების ფონდი, ფონდი ღია საზოგადოება, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი, კავშირი "საფარი", კოალიცია თანასწორობისათვის, ლგბტ საქართველო, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, თბილისი პრაიდი, იდენტობა", - ნათქვამია განცხადებაში.
გურჯაანის სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, მამა ვაჟა სონღულაშვილის თქმით, თავად სიამოვნებით აწერს ხელს, რადგან პეტიციაში ნახსენები ორგანიზაციები და სახალხო დამცველი ხალხისა და ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეს აკეთებენ.
"ქვეყნის და ხალხის საწინააღმდეგო საქმეს აკეთებენ, მე პირადად სიამოვნებით ვაწერ ხელს. სადაც საჭირო იქნება, კანონით გათვალისწინებულ ადგილას იქნება ამ ხალხის მოთხოვნა. ამის უფლება ყველა ადამიანს აქვს, თქვენც შეგიძლიათ შეაგროვოთ", - ამბობს მამაო.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის მტკიცებით, მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
კითხვაზე, თუ რა იქნება საპატრიარქოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯი, ჯაღმაიძე ამბობს, რომ "წინასწარ ვერ შეგვითანხმებენ, რას აპირებენ".