პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, აუცილებელია, მაქსიმალურად მშვიდობიანად მოხდეს პრაიდის კვირეულის და ღირსების მარშის ჩატარება.
პალიტრის ეთერში კუჭავამ თქვა, რომ დღეს საქართველოში არც ერთ ჯგუფს არ აქვს შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, მისთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აქცია თუ კონტრაქცია მშვიდობიანად ჩატარდეს.
"ქართული ოცნება არის ის ხელისუფლება, რომელმაც ნამდვილად მიიღო უმნიშვნელოვანესი - ანტიდისკრიმინაციული კანონი და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთ ჯგუფს არ აქვს თავიანთი მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა.
სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას წესრიგი, უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან, ხოლო ჩემი მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი აქცია თუ ნებისმიერი კონტრაქცია ჩატარდეს მშვიდობიანად.
ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა უზრუნველყოს პირველ რიგში სამართალდამცველმა ორგანოებმა და ეს არ იქნება კარგი ქვეყნისთვის, რომ ეს გადაიზარდოს ძალადობაში. ამის მომხრე დარწმუნებული ვარ არ არის შინაგანადაც არც ერთი მხარე და აუცილებელია, ყველამ პასუხისმგებლობით შეხედოს ყველა იმ ნაბიჯს, რომლის გადადგმასაც აპირებენ, რადგან ქვეყნის სახეზე ვსაუბრობთ და არავის არც ერთ შემთხვევაში არ წაადგება ძალადობრივი ქმედებები.
თუ რამე ადრე მომხდარა ნამდვილად არ იყო ლამაზი და კარგი დასანახი, რადგან არ შეიძლება ვინმე მომხრე იყოს ძალადობის და აუცილებელია, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად მშვიდობიანად მოვახერხოთ ამ დღის, თუ ამ კვირეულის ჩატარება". - თქვა კუჭავამ.
1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში ღირსების კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა ღირსების მარში.
ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ.
დღეს, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.