logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: ბარტყის გადაგდება

30 ივნ 202121:06
3 წუთის საკითხავი
clock 1195
2021/06/30/iurwk51hpxbjoai.jpg

ქართული ზღაპრის ცნობილი გმირივით, საფრთხის მოახლოებისას ხან რომ სავარცხელს აგდებს, ხან სალეს ქვას და ხანაც რას, ივანიშვილიც სწორედ ამ დღეშია: რაც გადასაგდები ჰქონდა, თითქმის უკვე ყველაფერი გადაყარა. და როდესაც არჩევანის გაკეთება სასამართლო კლანსა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის მოუწია, ბევრი ფიქრის გარეშე, ბარტყივით გადმოუგდო თამარ ჟვანია დასავლური მედიაციით შეკაზმულ ცხენზე ამხედრებულ ოპოზიციას...

მმართველ გუნდს სასამართლოს კონტროლის დაკარგვის რეალური საფრთხე მას შემდეგ დაუდგა, რაც მოსამართლეების დანიშვნის შესაჩერებლად ამერიკის ელჩმა ოცნებას მიშელის დოკუმენტში მართლმსაჯულების ნაწილი მარკერით მოუხაზა, რითაც ღიად მიანიშნა, რომ ვაშინგტონი, მილიარდერს, მორიგ ტრიუკს აღარ აპატიებს.

ივანიშვილმა, თავის მხრივ, კვლავ ნაცად ხერხს მიმართა. როგორც თავის დროზე მის მიერ საჯაროდ შეპირებულ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას პარლამენტში მაჟორიტარები "აუმხედრდნენ", ამჯერად ეს ფუნქცია მოსამართლეთა კორპუსმა შეითავსა. როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა, მოსამართლეებმა "ხასიათი გამოავლინეს", დასავლელი მეგობრები კი მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლასა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს. "ხასიათის გამოვლენა" არ დააყოვნა ამერიკის ელჩმაც, რომელმაც აქცენტი სასამართლო კლანიდან პირდაპირ პარლამენტზე გადაიტანა და უკვე საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვა მიშელის დოკუმენტში მის მიერ ყვითლად აღნიშნული პუნქტების შესრულება, რის შედეგადაც ოცნება პარლამენტს შიგნითაც და გარეთაც მარტო დარჩა: მოსამართლეების დანიშვნის პროცესს გაემიჯნა მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველიც.

მმართველი გუნდი რთულ მდგომარეობაში, კუთხეში მიყენებული აღმოჩნდა, თუმცა უკან არ დაიხია, მოსამართლეების დანიშვნა გააგრძელა და დასავლეთის შანტაჟს შეეცადა. ივანიშვილის გუნდმა დასავლელ მეგობრებს მიანიშნა, რომ თუ მას სასამართლოზე კონტროლს წაართმევენ, ის მზად არის სრულად ჩაშალოს მიშელის შეთანხმება. ხოლო, თუ ვაშინგტონი და ბრიუსელი მოსამართლეების საკითხზე თვალს დახუჭავს, ოცნება მზად არის დათმობებისთვის: პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესისა და 2-პროცენტიანი ბარიერის პირობებში ჩატარებას ითვალისწინებს; ოცნება მზად არის საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებისთვისაც; და რაც მთავარია, მმართველი გუნდი თანახმაა ადგილობრივი არჩევნები ცესკოს ახალი თავმჯდომარის პირობებში ჩატარდეს, რასაც ჟვანიას გადადგომაც ადასტურებს.

ერთგვარ საგონებელშია დასავლეთიც. თუ ბრიუსელი და ვაშინგტონი ოცნების მხრიდან მოსამართლეების ჯიუტად განთესვასთან მიმართებაში მეტ სიმკაცრეს გამოავლენს, ამან შესაძლოა მმართველ პარტიასთან ღია დაპირისპირება გამოიწვიოს, რაც ოცნებამ მიშელის შეთანხმების საბოლოოდ ჩასაშლელად გამოიყენოს, მით უმეტეს, რომ ამ შეთანხმების ჩაფლავება, პოლიტიკურად, ოპოზიციის ყველაზე დიდ პარტიასაც შეიძლება აწყობდეს. მეორეს მხრივ, თუ დასავლური წნეხის მიუხედავად ოცნებას გაუვა მოსამართლეების დანიშვნა, ეს იქნება სიგნალი ივანიშვილისთვის, რომ მას შეუძლია მომავალშიც დაარღვიოს შეთანხმება, თუ მის ძალაუფლებას საფრთხე დაემუქრება. არადა მიშელის დოკუმენტის შესრულების გარანტი სწორედაც რომ დასავლეთია. და თუ ოცნება 43-პროცენტიან ბარიერს მიღმა დარჩა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლეების შემთხვევის მსგავსად, მმართველი გუნდი სრულად დაბრმავდეს, დაყრუვდეს და საჭიროების შემთხვევაში დამუნჯდეს კიდეც. საქართველო კი მიშელის დოკუმენტით განსაზღვრულ ტრაექტორიას და პოლიტიკური მოვლენების განვითარების კონსტიტუციურ ჩარჩოს აცდეს, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ისედაც გაუარესებულ, დემოკრატიულ მომავალს და გამრუდებულ ევრო-ატლანტიკურ ორიენტაციას. 

არადა, ამ თითქოს რთულ განტოლებას მარტივი ამოხსნა აქვს. მიუხედავად საფრთხეებისა, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა მოსამართლეებთან მიმართებაში პრინციპულობა ბოლომდე უნდა შეინარჩუნონ და მილიარდერს  სასამართლო დაათმობინონ. რადგან, თუ ოცნებას შეთანხმების ნაწილობრივ დარღვევის საშუალება მიეცა, ამით დასავლეთი ვერც მიშელის დოკუმენტს, ვერც მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელიც საკუთარ მიღწევად მიაჩნია, და ვერც ქართულ დემოკრატიას გადაარჩენს. პირიქით, ეს იქნება დასავლური ფაქტორის უძლურების დადასტურება და სიგნალი ივანიშვილისთვის, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მას შეუძლია ყველა გადააგდოს, ყველა შეთანხმება დაარღვიოს და დაუსჯელი გადარჩეს.

რის შემდეგადაც ადვილად მივალთ წერტილამდე, როდესაც ბელარუსის მსგავსად ადვილად დავემშვიდობებით აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას,  ევრო-ატლანტიკურ ვექტორს და დავიწყებთ იმაზე დავას და მსჯელობას თუ ვისი და რისი ბრალია ეს ყველაფერი: ჩვენი უხერხემლობის თუ დასავლეთის უპრინციპობის, და გავაგრძელებთ იმის მტკიცებას და თავსაც იმით დავიმშვიდებთ, რომ საქართველო ბელორუსი არასდროს გახდება.


close დახურვა