logo
ENG



ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გოჩა აფრასიძე დააკავეს

01 ივლ 202109:00
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 1967 წელს დაბადებული პირი წალკაში დააკავეს. ის წალკის რაიონის სოფელ წინწყაროს გამგებლის, გიორგი აფრასიძის ბიძაა. მას 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

შსს განცხადებაში წერს, რომ ბრალდებული 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.

ტვ პირველის ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი სოფელ წინწყაროში ადგილობრივების პრობლემების გასაშუქებლად ჩავიდა, გამგებლის ოჯახი კი კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა. 

არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ტელეწამყვან ნოდარ მელაძის ცნობით, ჟურნალისტებს სწორედ სოფლის გამგებელი და მისი ბიძა გაუსწორდნენ ფიზიკურად. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთმა პირმა ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და მასზე დამაგრებული ღრუბელი ესროლა. 

ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა