logo
ENG



ღარიბაშვილი: მთავრობა და კერძო სექტორი სოფლის მეურნეობაში 7 მლრდ ლარის ინვესტიციას ჩადებენ

01 ივლ 202112:30
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: მთავრობა და კერძო სექტორი სოფლის მეურნეობაში 7 მლრდ ლარის ინვესტიციას ჩადებენ

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობა და კერძო სექტორი სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის მოცულობის ინვესტიციას ჩადებენ.

მისი თქმით, მთავრობამ უკვე დაასრულა "ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის" პირველად დოკუმენტზე მუშაობდა, ახლა კი თემატურ განხილვებს იწყებს.

"მე აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს. ამის გარდა, კერძო სექტორის მხრიდან დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა ამ სექტორში. ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს. შედეგად, ჩვენი გათვლებით, პროგრესი იქნება უფრო მეტად ინკლუზიური. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დასაქმება, ჩვენი მოქალაქეების მეტი ჩართულობა სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგულისხმობთ რეგიონების განვითარებას, გაძლიერებას", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, საქართველო მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს.

"ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს ჩვენი ქვეყანა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს. ჩვენ არ ვართ, რა თქმა უნდა, იმპორტის წინააღმდეგი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მეტის წარმოება ქვეყანაში და სწორედ ამ მიზნით ჩვენ წარმოგიდგენთ იმ პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას, მეტ ინკლუზიურობას", - აღნიშნა მან.

ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ.

 


close დახურვა