უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, პაატა შავაძე ფორმულასთან საუბარში ირწმუნება, რომ ხმოვანი შეტყობინება არ გაუგზავნია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის (GDI) იურისტთან გვანცა წულუკიძესთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეტყობინება გასაჯაროვდა და ის საზოგადოებამ მოისმინა.
ხსენებულ ხმოვან შეტყობინებაში შავაძე წულუკიძეს დამამცირებლად და ცინიკურად მიმართავს. ეს გზავნილი GDI-ის იურისტმა მას შემდეგ მიიღო, რაც Facebook-ზე გააკრიტიკა შავაძე, რომელიც მორიგ ჯერზე არ გამოცხადა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრებაზე.
"გვანცუშკები, გვანცუშკები, როგორ ხარ? ბოდიში, რომ შენთან ვერ შევათანხმე მოვდივარ თუ არ მოვდივარ. სად მუშაობ? დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი თუ რაღაც გიწერია, ხომ? აწი შეგათანხმებ, როცა ვერ ჩამოვალ, ან სადმე თუ მივდივარ და აუცილებლად შეგატყობინებ, რომ შენ იცოდე, სად მივდივარ, სად მოვდივარ. შენ ხო მეტი საქმე არაფერი არ გაქვს, ასეთ რაღაცებს აკვირდები და მერე ხლართავ რაღაცებს, ბოდიში, რომ შენ და შენს დამქაშებს და ენჯეოშნიკებს ვერ შეგატყობინეთ. შენი საქმე არ არის მე სად წავალ და სად მოვალ", - მიმართავს შავაძე გვანცა წულუკიძეს.
შავაძე, რომელიც ფორმულასთან საუბარში ამ შეტყობინების გაგზავნას უარყოფს, იქვე ამბობს, რომ "თვითონაც ითრგუნება" მასზე დაწერილი მოსაზრებებით:
"სხვები რომ ირწმუნებიან ხოლმე მაგათი ნაწერებით, ეს არაფერია? რასაც თვითონ წერს ხოლმე ჩემზე, ამით არ ვითრგუნები მე? თუ რაღაცის თავმჯდომარე როა, აქვს უფლება დაწეროს და მე თუ არაფრის თავმჯდომარე არ ვარ, მე უნდა ვითმინო? მე არ გამიგზავნია, მაგრამ დავითრგუნეო და.. ჩემზე ხო წერს რაღაცას იქ?"- ამბობს შავაძე.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კიდევ ერთ ვაკანსიაზე კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ერთერთი კანდიდატი მოსამართლე და საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილია. მოსამართლეობის 9 კანდიდატის ისა პარლამენტს უკვე მიღებული აქვს - პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, საპარლამენტო და სასამართლო ხელისუფლებას მოსამართლეთა დანიშვნების არშეჩერებისთვის მწვავედ აკრიტიკებს პოლიტიკური ოპოზიცია, საერთაშორისო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი.