logo
ENG



დავით ქაშიაშვილის OP-ED: სიძულვილი მგელივითაა, ის დაგფლეთს და გაგანადგურებს

03 ივლ 202120:02
3 წუთის საკითხავი
clock 1243

სიძულვილი მგელივითაა, ის დაგფლეთს, გაგანადგურებს. სიძულვილი მგელივითაა შენი შვილებისთვის, შენი ოჯახისთვის, შენი გარემოცვისთვის - სიძულვილი მგელია შენი სულისთვის. სიძულვილით ცხოვრება მძიმეა. მძიმეა გძულდეს, გეშინოდეს და ამ აუხსნელი ზიზღისა და შიშის გამო ქუჩაში დევნიდე, ქვებს ესროდე, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდე და ამას აბრალებდე რჯულსა თუ მოგონილ რწმენას, ან ვინმე შლეგი მოძღვრის ინტერპრეტაციით ნაქადაგებ ბიბლიას.      

სიძულვილი, რომელსაც ამბიონიდან ავრცელებენ არის ორჯერ მგელი, რადგან ვის თუ არა უფლის მსახურებს მართებთ სიყვარული, შემწყნარებლობა და აღარ ჩამოვთვლი, წესით კი უნდა იცნობდნენ სჯულს, რომელსაც  უკუღმა ქადაგებენ.

მინდა კეთილი და დიდსულოვანი ეკლესია, მინდა ხელისუფლება, რომელიც ამომრჩეველთა გულის მოსაგებ განცხადებებს კი არ გააკეთებს, არამედ ადეკვატურს, ისეთს როგორიც ახალგაზრდა წარმოსადეგ მერ ფეხბურთელს და ასევე ახალგაზრდა და წარმოსადეგ - კონსტიტუციონალისტს ეკადრება. 

ვალდებული ვარ, რომ გავზარდო შვილები ისე, რომ არასდროს ჩასახლდეს მათში მგელი, რომელიც დაფლეთს მათ მომავალს. ჩემი ვალდებულებაა ჩემს შვილებს უყვარდეთ, სწამდეთ, ცხადად სჯეროდეთ და გრძნობდნენ იმ ქრისტეს, რომელიც პილატემ ჰეროდეს გადასცა. უყვარდეთ ის ღმერთი, რომლისთვისაც   ყველა პრიზმაში მიუღებელია სიძულვილი, დევნა, ქრისტე, რომელიც ვერასდროს გაგიგებს რატომ გძულს, რატომ დევნი, რატომ აშინებ, რატომ გინდა რომ სხვაც იყოს შენნაირი - მშიშარა! მე ვალდებული ვარ მათ პატივი სცენ ისლამს, იუდაიზმს... სხვათა ღმერთებსა და კულტურას.

სიძულვილი მგელივითაა - ის დაგფლეთს, ის შეჭამს შენს სიმშვიდეს და დაამძიმებს სულს, რომელიც შენი არ არის.


close დახურვა