logo
ENG



შსს-ს ინფორმაციით, ჰომოფობიურ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 8 ადამიანი დააკავეს

05 ივლ 202121:04
3 წუთის საკითხავი
clock 1539
2021/07/05/3zngvxnezcjd72t.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 ადამიანი დააკავა. 

უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

"საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები გრძელდება გამოვლენილ შემდეგ კანონდარღვევის ფაქტებზე:

 რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისში მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გრძელდება გამოძიება. ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება, ასევე, სსკ-ის 187-ე მუხლით გრძელდება.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან დაფიქსირებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, სადაც სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობას გმობენ.

"ყველა ჩამოთვლილ ფაქტზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა", - აცხადებენ შსს-ში.


close დახურვა