პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია.
ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის კორდონი კვლავ გაარღვიეს და სოლიდარობის აქციის მონაწილეებისკენ მიემართებიან.
რადიკალურმა ჯგუფებმა პოლიციის მიერ აღმართულ ჯებირების მოხსნა სცადეს და შსს-ს წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებს ესვრიან.
შსს-მ რუსთაველის გამზირზე პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანა.
პარლამენტთან აქცია "თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს.
ისინი სოლიდარობის აქციის რამდენიმე მონაწილეს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ შორის, აქციაზე ფორმულას ოპერატორსა და ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ. ინციდენტის დროს მას ზურგჩანთა ჩამოგლიჯეს, რომელშიც პირდაპირი ჩართვის აპარატი იყო.