შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაემორჩილონ პოლიციელთა მოთხოვნებს.
გავრცელებულ განცხადებაში უწყება ორივე მხარეს, სოლიდარობის აქციის მონაწილეებსა და ძალადობრივ ჯგუფებს აფრთხილებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს - შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.
ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი",- ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტთან აქცია "თავისუფლებისთვის" ძალადობრივი კონტრაქციის ფონზე მიმდინარეობს.
ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, როდესაც ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს და სოლიდარობის აქციის მონაწილეებს ქვები და ხელკეტები დაუშინეს.
სოლიდარობის აქციაზე შეკრებილი არიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და თბილისი პრაიდის წევრები.
"მდუმარე აქცია" მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ფიზიკურად იძალადეს.