logo
ENG



ვინ არიან ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები - სია ფორმულასთვის ცნობილი გახდა

07 ივლ 202114:04
3 წუთის საკითხავი
 

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების სია ცნობილია. კანდიდატთა სია ფორმულამ რამდენიმე წუთის წინ მოიპოვა.

 სია შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • ვილი პაჭკორია
  • მაია გურამიშვილი
  • გიორგი კალანდარიშვილი 
  • იმედა კლდიაშვილი
  • გიორგი სანტურიანი
  • ილია ჭანტურია
  • ლილი ბეგიაშვილი
  • ბონდო გასვიანი

რაც შეეხება ცესკო-ს წევრობის კანდისატებს, მათი სია ასეთია:

  • ემზარ კაკულია
  • გია ცაცაშვილი
  • კოსტანტინე ჩიტანავა
  • თამაზ თაყაძე
  • ანა მიქელაძე
  • მარი კაპანაძე
  • არჩილ მდივნიშვილი

ცესკო-ს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი ანა მიქელაძე ცესკოს ყოფილი პრესსპიკერია. მან თანამდებობა 2020 წლის 1-ელ დეკემბერს დატოვა

როგორც მიქელაძემ დღეს ფორმულასთან საუბრისას აღნიშნა, მისი სამსახურიდან წასვლის მიზეზი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან არსებული კითხვები და საზოგადოების უნდობლობა გახდა.
მიქელაძე ამბობს, რომ საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილება და ნდობის ამაღლება ცესკოსადმი მნიშვნელოვანია. 

"ჩემი მოტივაცია არის, რომ ხელი შევუწყო საარჩევნო ადმინისტრაციის უკეთესად მუშაობას. იმის მაგივრად, რომ წლების მანძილზე კიდევ და კიდევ უფრო გაზრდილიყო, რა მიმართულებითაც მე აქტიურად ვიყავი ჩართული, სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობას აქვს შედარებით ვარდნა.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია აღქმები ჩვენს საზოგადოებაში, რაც პირდაპირაა დაკავშირებული საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან და პირდაპირ უკავშირდება იმ კითხვებს, რაც არსებობდა. ეს იყო ჩემი სამსახურიდან წამოსვლის რეალური მიზეზი, რომ დროულად ვერ მოხერხდა არსებულ კითვებზე პასუხის გაცემა", - თქვა მიქელაძემ. 

ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასა და ახალ წევრებს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო საბჭო შეარჩევს. მათთან გასაუბრება დღეს დაიწყო. გასაუბრება დღეს კანდიდატთა ნაწილთან გაიმართება. პროცესი კი ხვალ დასრულდება. 

ახალი ხელმძღვანელის შერჩევა შეცვლილი საარჩევნო კოდექსით უნდა დაიწყოს. კანონმდებლობა 28 ივნისს დაამტკიცა პარლამენტმა.

ახალი წესით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატს. ამის შემდეგ, ძველი წესისგან განსხვავებით, ამ თანამდებობაზე პირს აირჩევს მხოლოდ პარლამენტი. მანამდე, თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევდა ცესკო სრული შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით, ან პარლამენტი. 

ამასთან, კანონში გაიწერა, რომ თუ ახალ თავმჯდომარეს დეპუტატთა მინიმუმ 2/3 (100 ხმა) დაუჭერს მხარს, მას 5 წლით აირჩევენ, ხოლო სხვა შემთხვევაში - 6 თვით. 

კერძოდ, თუ 2/3-ზე ნაკლები დეპუტატი დაუჭერს მხარს მას, საერთო რაოდენობის უმრავლესობა იქნება საჭირო, რომ კანდიდატი 6 თვით აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარედ. ამჟამად, ქართულ ოცნებას 84 მანდატი აქვს, ცესკოს თავმჯდომარის სრული ვადით ასარჩევად კი ოპოზიციის ხმებიც იქნება საჭირო. 

ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 30 ივნისს თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ორ წელზე მეტი ხნით შეეძლო, თუმცა, მიაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. ჟვანიას თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, გაყალბებაში მონაწილეობა კი თავად ჟვანიამ მიიღო.


close დახურვა