logo
ENG



შსს თავს იმართლებს, თუ რატომ აღემატებოდა მათ ძალებს 5 ივლისს მოქალაქეების და მედიის დაცვა

07 ივლ 202115:48
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, თუ რატომ ვერ შეძლეს სამართალდამცავებმა ძალადობისგან მედიისა და მოქალაქეების დაცვა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პრაიდის ორგანიზატორებს მარშისთვის ლოკაციის შეცვლა შესთავაზა, თუმცა მათ ეს არ გაითვალისწინეს.

როგორც დარახველიძე ამტკიცებს, თბილისი პრაიდის კვირეულის 1-ლი და 3 ივლისის ღონისძიებების ჩატარება მათ უსაფრთხოდ შეძლეს, თუმცა ღირსების მარშის დაცვა მასშტაბებიდან გამომდინარე შეუძლებელი იქნებოდა.

"რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას ჩვენი მხრიდან ცალსახად და თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ღონისძიების მასშტაბის მონაწილე პირთა რაოდენობის და იმ ფორმატის გათვალისწინებით, რა ფორმატიც იყო შემოთავაზებული, რთული იქნებოდა უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა. ამავე დროს, გასათვალისწინებელი იყო წარსული გამოცდილება მსგავსი ღონისძიებების ჩატარების", — აცხადებს მინისტრის მოადგილე და ამატებს, რომ ამის შესახებ ორ ელჩსაც ესაუბრნენ, რომელიც თბილისი პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრას ესწრებოდა.

დარახველიძე ამბობს, რომ წინასწარ იცოდნენ კონტრაქციის შესახებ და 5 ივლისის 3 200-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული. მისივე თქმით, ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები რამდენიმე ლოკაციაზე ქაოტურად გადაადგილდებოდნენ, ხოლო პოლიციელებს ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ყოფნა უწევდათ.

"5 ივლისს დილის საათებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მობილიზებული იყვნენ რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების სარეზერვო ძალები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული მითითების შესაბამისად ჩაერთვებოდნენ ღონისძიებაში", — აცხადებს დარახველიძე.

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, პოლიცია განლაგებული იყო რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, დედაენის პარკში, 9 აპრილის ბაღში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვა ადგილებში. იგი ამბობს, რომ სპეციალური კორდონების განლაგება აუცილებელი არ იყო, რადგან ამ ტერიტორიებზე მხოლოდ ძალადობრივი ჯგუფები იკრიბებოდნენ.

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ სირცხვილიას ოფისთან წინასწარ იყო მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, თუმცა "დემონსტრანტთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე დამატებითი ჯგუფების მოსვლამდე ვერ მოხერხდა სადარბაზოში შეჭრის პრევენცია".

რაც შეეხება თბილისი პრაიდის ოფისს, დარახველიძე ამბობს, რომ ძალები გაგზავნეს და აგრესიული ჯგუფების ქმედებები მათი მისვლის შემდეგ "დროულად აღიკვეთა".

დარახველიძეს თქმითვე, 6 ივლისის აქციაზე პარლამენტის წინ 3 000 თანამშრომელი იყო მობილიზებული. შსს-მ ადმინისტრაციული წესით ძალადობრივი კონტრაქციის 100 მონაწილე დააკავა, მათგან 68 უკვე თავისუფალია. აქციაზე სამი სამართალდამცველი დაშავდა.


close დახურვა