მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ პატარიძის თქმით, გუშინდელ აქციაზე მაჩალიკაშვილის დაკავება უკანონოდ მოხდა.
უფლებადამცველის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
"დაკავებულია სრულიად უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელი მუხლებით. ეს არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. რეალურად, გუშინ გვქონდა ვითარება, როდესაც ჯებირს მიღმა მალხაზ მაჩალიკაშვილის მისამართით გაურკვეველი ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ცდილობდნენ ჯებირი გაერღვიათ", - ამბობს პატარიძე.
მალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ, 6 ივლისს გამართულ სოლიდარობის აქციაზე დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
პარლამენტთან აქცია "თავისუფლებისთვის" ძალადობრივი კონტრაქციის ფონზე მიმდინარეობდა.
ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, როდესაც ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს და სოლიდარობის აქციის მონაწილეებს ქვები და ხელკეტები დაუშინეს.
მას შემდეგ, რაც აქცია "თავისუფლებისთვის" მონაწილეები დაიშალნენ, პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეუშვა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
"მდუმარე აქცია" მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ფიზიკურად იძალადეს.