logo
ENG



ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის 5 პირი, ხოლო თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვის 3 პირი დააკავეს

08 ივლ 202112:18
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/08/za2v6cahwxbmkvi.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის სამი წევრი თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვის, ხოლო კიდევ ხუთი პირი ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის დააკავა. 

თბილისი პრაიდის ოფისის დარბევის საქმეზე დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, დევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევა. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ დააკავა 2 პირი, რომელიც სირცხვილიას ოფისში TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხა. გარდა ამისა, აიყვანეს სამი ადამიანი, რომელიც თაბუკაშვილისა და ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე ტელეკომპანია პირველის ოპერატორსა და ინტერპრესნიუსის ფოტოგრაფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამივე მათგანი დაკავებულია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით.

ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე სულ 15 პირია დაკავებული.


close დახურვა