logo
ENG



ყოფილი ქმრის მიერ ილიაუნის ლექტორის მკვლელობის საქმე საქართველომ სტრასბურგში წააგო

08 ივლ 202115:52
3 წუთის საკითხავი
clock 2535
2021/07/08/tsjtzwmbsfjqkel.png

საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წააგო საქმე, რომელიც ყოფილი ქმრის მიერ ილიაუნის ლექტორის, მარიკა წივწივაძის მკვლელობას ეხება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პოლიციამ ქალი გენდერული ნიშნით ძალადობისგან ვერ დაიცვა. 

სტრასბურგმა დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მეორე მუხლი (სიცოცხლის უფლება) და მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის უფლება). სასამართლოს სარჩელით გარდაცვლილის დედამ, თალიკო თხელიძემ მიმართა. საქართველოს მოსარჩელისთვის 35 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. 

"სასამართლომ დაადგინა, პოლიციას უნდა სცოდნოდა, რომ მოსარჩელის შვილი საფრთხეში იყო. დაცვის სხვადასხვა ღონისძიების არსებობის მიუხედავად, რომლის მიღებაც მათ [სამართალდამცავებს] შეეძლოთ, ვერ შეძლეს ქალის დაცვა გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციის უმოქმედობა შეიძლება, განხილულ იქნას, როგორც სისტემური ჩავარდნა. არსებობდა იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ჩატარებულიყო გამოძიება, იდგა, თუ არა პოლიციის უმოქმედობის უკან გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია", — ნათქვამია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.

2014 წლის 17 ოქტომბერს მარიკა წივწივაძე მისმა ყოფილმა ქმარმა, ლაშა მაღრაძემ სამსახურში, ილიაუნიში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ორგანიზაცია საფარი, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს იცავს აცხადებდა, რომ ყოფილი ქმარი წივწივაძეს მუდმივად უსწორდებოდა ფიზიკურად და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ასევე, რამდენჯერმე მას და მის შვილს მკვლელობით დაემუქრა.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მარიკა წივწივაძემ პოლიციას ჯერ კიდევ ქმართან თანაცხოვრების დროს მიმართა, ხოლო თბილისში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ კაცისგან მუქარას იღებდა. 

2017 წელს მარიკა წივწივაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოსაც დაეკისრა. შსს-ს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება დედისათვის და ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაობლებული შვილისათვის სრულწლოვანებამდე.


close დახურვა