logo
ENG



რელიგიათა საბჭო: ვგმობთ ძალადობას, არ მივესალმებით რელიგიური გრძნობების კანონს

10 ივლ 202115:53
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ არ მიესალმება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის ინიციატივას. 

მას შემდეგ, რაც 5 და 6 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასულიერო პირებთან ერთად, ჰომოფობიური მოტივით დაწყებულ კონტრაქციაზე ჟურნალისტებსა და რიგით მოქალაქეებზე იძალადეს, პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირმა დასვა კითხვა, "ხომ არ არის დრო, ხელისუფლებამ, საზოგადოებამ დავიწყოთ ფიქრი, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება". 

რელიგიათა საბჭოში წარმოდგენილი რელიგიური გაერთიანებები გამოხატავენ უკიდურეს შეშფოთებას  5-6 ივლისს თბილისში ძალადობის გამო ჰომოფობიური საბაბით, ასევე სიძულვილის სხვა გამოვლინების გამო, რომლის შედეგადაც ნაცემია 53 ჟურნალისტი, მოზარდები, ქალები და დაიჭრა უცხო ქვეყნის მოქალაქე. 

საბჭო ასევე შეშფოთებულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხევის და დაწვის გამო. 

განცხადებაში წერია: 

"ჩვენც, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს, ხშირად, ბევრად თუ ნაკლებად, განგვიცდია შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დისკრიმინაცია, უფლებათა შეზღუდვა, შეურაცხყოფა, ძალადობა. ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის უფლებების დაცვის სურვილის გამო, რას ნიშნავს იყო დევნილი და შევიწროებული.

ამიტომ, ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ მასობრივი ძალადობის შედეგად ყველა დაზარალებულს. ამგვარი რამ აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ძალადობა ანგრევს მშვიდობასა და თესავს ქაოსს.

ამავდროულად, 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე გაჟღერდა ინიციატივა ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის მიღების აუცილებლობის შესახებ. რელიგიათა საბჭოს წევრები, ვეწინააღმდეგებით ამგვარი კანონის მიღებას. მიგვაჩნია, რომ ასეთი კანონი, ამ კუთხით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება ჩვენი საზოგადოების განვითარებაზე.

რელიგიათა საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას რელიგიისა და მორალის სახელით მშვიდობიან ადამიანებზე ძალადობრივი თავდასხმებისა და შეურაცხყოფის გამო. მიგვაჩნია, რომ ძალადობის კულტივაცია დამღუპველია სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თითოეული ადამიანისთვის, მათ შორის - მოძალადისა და ძალადობის ინსპირატორისთვისაც".- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ რელიგიური გაერთიანებები: 

  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადამინისტრაცია
  • სახარების რწმენის ეკლესია
  • ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია
  • ევანგელურ–ლუთერული ეკლესია
  • ევანგელისტური ეკლესია
  • ევანგელურ- პროტესტანული ეკლესია
  • ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  • ხსნის არმია
  • ევანგელური ეკლესია "ურყევი საფუძველი"
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  • სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება
  • მეგობართა საზოგადება - კვაკერები
  • აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება
  • მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია

close დახურვა