
რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის გატაცებიდან ერთი წელი გავიდა. მისი ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება უკანონო პატიმრობაში მყოფის გათავისუფლებას.
გახელაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლება არ ასრულებს დანაპირებს და ვერ ათავისუფლებს ტყვეობიდან საკუთარ მოქალაქეს.
„მოვითხოვ ჩემი შვილის დაბრუნებას, ამდენი დაპირება, დავიღალეთ ოჯახი - ბავშვებიც დავიღალეთ და უფროსებიც. ხელისუფლების მალე რამდენია, არ ვიცი, უკვე ერთი წელი გავიდა", - ამბობს ზაზა გახელაძის დედა.
ზაზა გახელაძე ერთი წლის წინ, 2020 წლის 11 ივლისს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს. მას 12-წლიანი უკანონო პატიმრობაც შეუფარდეს.