logo
ENG



ირაკლი აბსანძე ამბობს, რომ დაკავების დროს ხელი მოტეხეს

13 ივლ 202102:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/13/f7ws22uw8e3pdru.jpg

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე დაკავების დროს ხელი მოტეხეს. 

დაკავების დროს მას მაისურიც შემოახიეს. 

"მეგობრებო, დიდი მადლობა მოკითხვისთვის. კარგად ვარ. ხელი მომტეხეს უბრალოდ. თან ვეღარ გავიგე, მერამდენე "მაიკა" უნდა შევწირო ამ ქვეყანას". - დაწერა აბსანძემ ფეისბუქზე

ჟურნალისტი ქართული ოცნების ოფისთან, საპროტესტო აქციაზე დააკავეს - მმართველი პარტიის მთავარ შენობასთან შეკრებილები 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობას, ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებას და ხელისუფლების რეაქციას აპროტესტებდნენ. აბსანძეს ოფისთან ახლოს მისვლა სურდა, თუმცა, ამის საშუალება არ მიეცა.

პოლიციელმა მას მოუწოდა, რომ დაეტოვებინა ტერიტორია, თუმცა, აბსანძე ამ მოწოდებას არ დაემორჩილა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. 

ირაკლი აბსანძე ბოლო დღეებში ღიად აპროტესტებს ხელისუფლების ქმედებებს - 5 ივლისის ძალადობას და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს. 

ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქციაზე დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ გირჩი-მეტი თავისუფლების წევრს, თენგო კირთაძეს, ადვოკატის ინფორმაციით, მას გულმკერდის არეში წიხლი ჩაარტყეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ქართული ოცნების ოფისთან მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე სულ 12 ადამიანი დააკავეს. 

პოლიციამ  აქტივისტებს არ მისცა პლაკატების და სტენსილების შეტანის უფლება, წარწერებით: ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლა ლექსო ლაშქარავა

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელი იყო მობილიზებული, განსხვავებით 5 ივლისისგან, როცა პრორუსული და მოძალადე ჯგუფები ჟურნალისტებზე ჯგუფურად და სასტიკად ძალადობდნენ, მათ სცემდნენ და სხვადასხვა საგნებსაც ურტყამდნენ. თუმცა, პოლიციელთა ეს რაოდენობა ხელისუფლებას არ გამოუყვანია. 

5 ივლისის აქციაზე დაშავდა 53 ჟურნალისტი, მათგან რამდენიმე - მძიმედ. ჟურნალისტები დაშავდნენ 6 ივლისსაც. ასევე, 12 ივლისს, როცა მედიის წარმომადგენლები პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. 

***

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დედამ გარდაცვლილი 11 ივლისს, გამთენიისას ნახა. ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. მას ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. 

გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზას მისი ოჯახი ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად ამისა, კრიმინალისტებმა ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი საცხოვებელი სახლიდან ტომრით გაიტაცეს. 

შსს უკვე 2 დღეა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ნარკოტიკებით შესაძლო ზედოზირებას უკავშირებს და არაფერს ამბობს იმაზე, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, პოლიციამ ტელეოპერატორი არ დაიცვა. 

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცემის და ოპერაციის შემდეგ ლექსო ლაშქარავას ძლიერი ტკივილები ჰქონდა. 

სანამ შსს ნარკოტიკებით ზედოზირების საკითხს წამოწევდა,  ეს ვერსია პრორუსულ, შავრაზმულ, პროსახელისუფლებო მედიაში ვრცელდებოდა. 

მაგალითად, მარშალპრესით გავრცელდა ვინმე იოსებ ხიმშიაშვილის განცხადება, რომელსაც mpn.ge პოლიტიკოსად მოიხსენიებს და რომელიც ამბობს:

"გარდაცვლილი ლაშქარავა იყო ნარკომანი, რაც იცის ყველამ, მათ შორის მისმა მეგობრებმა იყო მეტადონის პროგრამის მონაწილე სულ არ იქნება გასაკვირი, რომ ის იყოს გარდაცვლილი "პერედოზით". 

იმავე შინაარსის კომენტარებს წერდნენ სხვადასხვა გვერდზე პროსახელისუფლო განწყობების მქონე ადამიანები და ტროლ-ანგარიშები. 


close დახურვა