logo
ENG



ფორმულა, მთავარი, ტვ პირველი და ტვ კავკასია 24 საათით წყვეტს მაუწყებლობას ყველა პლატფორმაზე

14 ივლ 202107:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/14/crurmsrdz149g2h.png

ოთხი ტელევიზია - ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი და ტვ კავკასია - 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს და არცერთი პლატფორმა არ იმუშავებს.

14 ივლისს 08:00 საათიდან 15 ივლისს 08:00 საათამდე ეკრანებზე გამოჩნდება 5-6 ივლისის აქციებზე დაშავებული ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების სია და მაუწყებლების მთავარი მოთხოვნა - გადადგეს პრემიერი, დაისაჯონ მოძალადეები.

5-6 ივლისს აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის გამო დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი. 

ტვ პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას 5 ივლისს ღირსების მარშის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები დაესხნენ თავს. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის 13 ივლისს დაკრძალეს.

მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე არ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს განავითაროს ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები და კოლეგები არ იზიარებენ. 

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 5-6 ივლისს მათზე ძალადობის ერთერთი წამხალისებელი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, სწორედ ამიტომ არის მოთხოვნებს შორის მისი გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან.


close დახურვა