logo
ENG



დეკანოიძის თქმით, არ იზიარებს სააკაშვილის აზრს, რომ სუს-ი ლგბტქ აქტივიზმითაც მანიპულირებდა

15 ივლ 202115:47
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი / ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ფორმულას გადაცემაში კომენტარი ამბობს, რომ არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ 5-6 ივლისის აქციებზე სუს-ი "მანიპულირებლდა" როგორც ძალადობრივი ჯგუფებით, ასევე ლგბტქ+ აქტივისტებით.

დეკანოიძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მხოლოდ მოძალადეების მხარეს იდგა.

"დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ფაშისტების მხარეს ნამდვილად იდგა სუს-ი, მაგრამ ნამდვილად არ გავიზიარებ იმ აზრს, რომ პრაიდის მხარეს იდგა სუს-ი. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში, რომელიც ისტორიულად იყო ტოლერანტული და ამის მნიშვნელოვანი საწინდარია ქრისტიანობაც ტოლერანტობით, სიყვარულით, შემწყნარებლობით, ურთიერთთანაცხოვრებით - ამ ქვეყანაში, სადაც კონსტიტუციით ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება და შსს, პოლიცია ვალდებულია, დაიცვას კონსტიტუცია. არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობს ვინმე ჩინოვნიკი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

წამყვანის კითხვაზე, იზიარებს თუ არა ის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ხატია დეკანოიძე შემდეგნაირად პასუხობს:

"ნამდვილად ვერ გავიზიარებ ამ განცხადებას. ის, რომ ფაშისტების მხარეს სუს-ი იყო მობილიზებული და ჰქონდათ კოორდინაცია, ამაში დარწმუნებული ვარ. ამას ადასტურებს ყველა ქსელში გამოქვეყნებული მათი მოწოდება, რაციებით სირბილი და ამას ადასტურებს ისიც, რომ აქტივისტები როგორ გადაადგილებოდნენ, ამაზე სუს-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მანიპულირებდა როგორც ლგბტქ+ აქტივისტებით, ისე ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებით. 

„პირდაპირი აღიარება რომ პრაქტიკულად მანიპულირებდა სუსი, ჩემი აზრით ორივე მხარეს, ლგბტ და ორკებსაც და როგორ დაავალეს ორკებს, ჩემი მხარდამჭერი კარვების აღება პარლამენტიდან, რომელიც ძალიან ნერვებს უშლიდათ", - წერდა მიხეილ სააკაშვილი.

 

5 ივლისს Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო. "ღირსების მარშის" საწინააღმდეგო აქცია დააანონსა საქართველოს საპატრიარქომაც.

5 ივლისის დილიდან ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე თავს ესხმოდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ტექნიკას უზიანებდნენ ჟურნალისტებს. 

მოძალადე ჯგუფები შევარდნენ და დაარბიეს სირცხვილიას, Tbilisi Pride-ის ოფისები. 

შექმნილი მდგომარეობის გამო, აქტივისტების, "ღირსების მარშში" მონაწილეთა და მედიის უსაფრთხოების დასაცავად, Tbilisi Pride-მა ჩანიშნული ღონისძიება გააუქმა.

5-6 ივლისს აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის გამო დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი. 

ტვ პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას 5 ივლისს ღირსების მარშის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები დაესხნენ თავს. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის 13 ივლისს დაკრძალეს.

მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე არ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს განავითაროს ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები და კოლეგები არ იზიარებენ. 

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 5-6 ივლისს მათზე ძალადობის ერთერთი წამხალისებელი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, სწორედ ამიტომ არის მოთხოვნებს შორის მისი გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან.

პროტესტის ნიშნად ოთხმა ტელევიზიამ - ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი და ტვ კავკასია - 14 ივლისს 08:00 საათიდან 15 ივლისს 08:00 საათამდე მაუწყებლობა შეწყვიტა.

გარდა მედიის წარმომადგენლებისა, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ პოლონელ ტურისტსაც - მიზეზი მისი გარეგნობა გახდა.


close დახურვა