logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: #ლექსოსთვის

13 ივლ 202121:10
3 წუთის საკითხავი
clock 841
2021/07/15/8iu54ysaysawiu3.jpg

წლების განმავლობაში ბევრ ოპერატორთან მიმუშავია. მე ლექსო ლაშქარავას ახლოს არ ვიცნობდი. ვნახე და მოვუსმინე მას 5 ივლისს, მოიქცა ისე, როგორც მხოლოდ თავისი პროფესიისთვის თავდადებული, ღირსეული ადამიანი თუ მოიქცევა. არ შეუშინდა მახინჯი სულის ადამიანების მიერ გონებაწართმეულ ბრბოს და მისი მეწყვილე ჟურნალისტი გოგოს გადარჩენა და იმ ჯოჯოხეთის კადრში ასახვა სცადა. სწორედ ამ საქციელის გამო ვამბობ თამამად, ვამაყობ, რომ ქართული მედიის წარმომადგენელი ვარ, ვამაყობ, რომ ლექსოს მსგავს პროფესიონალებთან ერთად ვმუშაობ.

თანამედროვე ქართული მედია ქვეყნის დამოუკიდებლობის ასაკისაა. ეს ისტორია სავსეა ტრაგიზმით და დრამატული მოვლენებით. მიუხედავად ამისა, არ არსებობს სფერო ამ ქვეყანაში, რომელიც ასე უწყვეტად და დინამიურად ვითარდებოდა და ვითარდება და ისეთ გადამწყვეტ როლს თამაშობს სახელმწიფოს დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნებაში, როგორც ქართული მედია. ასე იყო ყველა წინა ხელისუფლების თავგასულობისა და ავტორიტარიზმთან წათამაშების პირობებში და ასეა ახლაც.

თუმცა ახლა მედიაზე შეტევა ყველაზე ორგანიზებული და კომპლექსურია: თუ ადრე მას ერთი კონკრეტული, ხილული სახე ჰქონდა, რომელიც ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების, ან თუნდაც მათი გამოგზავნილი სპეცრაზმი სახით გვევლინებოდა, ახლა თავისუფალი სიტყვის და კრიტიკის უფლებას უტევს სახელმწიფო, თავისი ხელოვნურად მორგებული კანონებისა, თუ ფინანსური ბერკეტების მეშვეობით; რელიგიური ფუნდამენტალისტების მიერ მძევლად აყვანილი საპატრიარქო, რომელიც მრავალი სკანდალის გამო წონასწორობადაკარგული მთელ ჯავრს მედიის წინააღმდეგ "ჯვაროსნული" ომით იყრის და ამ ორივე ინსტიტუტის იარაღად ქცეული ადამიანების ჯგუფები, რომლებიც რუსთაველზე კი არა, 5 ივლისს ყოველდღე აწყობენ სოციალურ ქსელებში, იქ სადაც ხელი მიუწვდებათ. აქ პიროვნება წაშლილია, აქ მხოლოდ ბრბოს ინსტინქტი მოქმედებს, ბრბო სრულიად უწყინარ ადამიანსაც კი შეურაცხადად აქცევს. უშედეგოა მის ქმედებაში რაიმე ლოგიკის ძიება, მას მხოლოდ სიძულვილი ამოძრავებს, მას მხოლოდ სისხლი სწყურია. და ვინ არის მთავარი დამნაშავე, თუ არა ის ვინც ასეთად აქცია.

ივანიშვილი, თავისი მარიონეტით ღარიბაშვილით და ამ უმსგავსობაზე მის მიმდევართა დანაშაულებრივი დუმილით საფუძველს აცლის ყველაფერს, რაზეც თანამედროვე ქართველი ერის ერთობა დგას, ან შეიძლება იდგეს: რეპუტაციას ულახავს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც მხოლოდ ძველბიჭურად მოსაუბრე, პოლიტიკაში ხელის მოფათურე, გაუნათლებელი, მსუნაგი და ფანატიზმამდე მისული, სიყვარულისაგან სრულიად დაცლილი ადამიანების ინსტიტუციადღა ჩანს და ურტყამს ყველა იმ თვისებას, რომელიც ქართველების იდენტობის ნაწილი იყო და მთელს რეგიონში ყველა ჩვენი მეზობლისგან განგვასხვავებდა: გახსნილობა, თავისუფლება, ტოლერანტობა, განათლებისკენ სწრაფვა და განსხვავებულის მიმღებლობა. ეს ყველაფერი მისი ძალაუფლების ახალ თანამოზიარე - ოხლოკრატიას არ სჭირდება, მისთვის ეს თვისებებია სწორედ სამიზნე.

ამიტომაც თქვა დუგინმა, რომ თბილისის ომით აღებით იმაზე უკეთეს შედეგს ვერ მივიღებდით, რაც ახლანდელი საქართველოს სახით გვაქვსო. ამიტომაც ამაყობს საკუთარი "ევრაზიული მართლმადიდებლობის" გამომგონებელი - ქართველი პრავასლავნიკების მიღწევებით, მასში ხომ მართლაც აღარაფერია ევროპული, ქრისტიანული და მხოლოდ აზიურიღა დარჩა.

ხელისუფლება მედიის პირისპირ დარჩა. მან უარყო პარტნიორობა თავისუფალი ნების ადამიანთან, მოქალაქესთან და ყველაზე ველური ინსტინქტების ზედაპირზე ამოხმობა არჩია. მაგრამ აქაც ქართული მედიაა... უკვე ახალი, კიდევ უფრო სუფთა, პრინციპული და თავისუფლების მოყვარული თაობებით ხერხემალგამაგრებული და მისი ხერხემლის გადატეხვა შეუძლებელია, მისი ხერხემალი იმ ახალგაზრდა გოგობიჭებისგან შედგება, რომლის მოკვლასაც თქვენ 5 ივლისს შეეცადეთ და რომლებიც დღეს ერთად იდგნენ ლექსოს გასვენებაზე მდუმარედ, ჩუმად, ჩვენ, უფროსები ბევრს ვლაპარაკობდით, ისინი უფრო მეტს აკეთებენ, და მოიქცევიან ისევე ღირსეულად, როგორც დღეს მთავრობის კანცელარიაში მოიქცნენ. ადამიანის სახის დაკარგულ მთავრობას უთხრეს, რომ ბრბოს სახე არ აქვს, მათი სახე დღევანდელი საქართველოს მთავრობაა ღარიბაშვილის და მისი პატრონის ივანიშვილის სახით!

ჩვენი სახე ეს ახალგაზრდა ჟურნალისტები არიან და ის პროფესიული გმირობა, რომელიც ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს გვაჩვენა.


close დახურვა