logo
ENG



სახ.დეპ-ი: აშშ ღრმად შეშფოთებულია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის გამო

16 ივლ 202110:12
3 წუთის საკითხავი
clock 1399

ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 12 ივლისს უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის გამო, 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხდებაში ნათქვამია, რომ: 

"ევროკავშირის და აშშ-ის შუამავლობით და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით მიღებულ დოკუმენტში ხელმომწერებმა პირობა დადეს, რომ შეაჩერებდნენ ყველა მიმდინარე დანიშვნას უზენაეს სასამართლოში, სანამ არ მოხდებოდა "ამბიციური სასამართლო რეფორმის" მიღება, ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმების პროცესით.

ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინოს 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაცია უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერებით. ეს იყო ის, რის გაკეთებაზე საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ.

ამის ჩაგდება ამცირებს საქართველოს საჯარო და საერთაშორისო საზოგადოების რწმენას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. 19 აპრილის შეთანხმების არასრულად იმპლემენტაციამ შესაძლოა ასევე შეამციროს ინვესტორთა ნდობა და საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა.  

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი, ამავდროულად განაახლოს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან". - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, შეეჩერებინათ პროცესი, პარლამენტმა 12 ივლისს 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

ეს მოსამართლეები არიან: 

  • გოჩა აბუსერიძე;
  • გიორგი გოგიაშვილი;
  • ლევან თევზაძე;
  • რევაზ ნადარია;
  • ბიძინა სტურუა;
  • ლაშა ქოჩიაშვილი;

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 3 კანდიდატს: ქეთევან მესხიშვილს, ეკა ზარნაძეს და გიორგი შავლიაშვილს. 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის ძირითად ნაწილს. 

ქართულ ოცნებასთან ერთად კენჭსყრაში მონაწილეობა მიიღეს: ფრიდონ ინჯია - პარტია ევროპელი სოციალისტები, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანი ბუჩუკური - პარტია საქართველოსთვის, ალეკო ელსაშვილი და ლევან იოსელიანი - მოქალაქეები

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლის გვარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 17 ივნისს გადაუგზავნა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში. 

ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა