logo
ENG



"არ გვაქვს უფლება გავჩუმდეთ" - ჯი პი აი ჰოლდინგი 5 ივლისის ძალადობას ეხმაურება

16 ივლ 202118:56
3 წუთის საკითხავი
 
"არ გვაქვს უფლება გავჩუმდეთ" - ჯი პი აი ჰოლდინგი 5 ივლისის ძალადობას ეხმაურება
ფოტო: ფორმულა / გვანცა ნემსაძე

ვენის სადაზღვევო ჯგუფი ჯიპიაი ჰოლდინგი 5 ივლისის მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა კომპანიამ და ცალკეულმა ინდივიდმაც მკაფიოდ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამია, "ქვეყანა დგას პატიოსანი შრომით და აქედან გადახდილი გადასახადების გადამხდელ მოსახლეობაზე, რომელთათვის მიუღებელია უკანონობა და ადამიანის უფლებების შელახვა".

ფორმულა კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენი კომპანიის სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და გამოვხატოთ ჩვენი მყარი პოზიცია და აღშფოთება 5 და 6 ივლისს მომხდარი ძალადობისა და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების მიმართ. ჯიპიაი ჰოლდინგი უკვე 15 წელია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“, რომელიც ოპერირებს 25 ქვეყანაში და საქართველო ამ პატარა ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს იკავებს, როგორც მაგალითი ინოვაციურობის, პატიოსნების და მაღალი ანგარიშვალდებულების ბიზნესისა.

ჩვენი საქმიანობის განმავლობაში შევძელით აგვეშენებინა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციური ბიზნესი, რომელიც ქმნის არამხოლოდ მატერიალურ დოვლათს ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, ამკვიდრებს ჩვენი ერისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ძვირფას და მნიშვნელოვან ღირებულებებს: თავისუფლებას, სამართლიანობას, კეთილსინდისიერებას, მრავალფეროვნებას, ურთიერთპატივისცემას და ემსახურება მშვიდობას და შემწყნარებლობას.

ბოლოდროინდელი მოვლენები, ძალადობის უპრეცედენტო გამოვლინება, როდესაც თავისუფალი მედიის ერთი წარმომადგენელი დაიღუპა, ხოლო არაერთი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი დღესაც მძიმედაა დაშავებული ან კვლავ დევნას განიცდის, არ გვაქვს უფლება გავჩუმდეთ და გვინდა, ხმა მივაწვდინოთ იმ პირებს, ვისი პირდაპირი მოვალეობაცაა, უზრუნველყოს ჩვენს საზოგადოებაში უსაფრთხოება და მშვიდობა.

ჩვენი ქვეყანა დგას პატიოსანი შრომით და აქედან გადახდილი გადასახადების გადამხდელ მოსახლეობაზე, რომელთათვის მიუღებელია უკანონობა და ადამიანის უფლებების შელახვა.

ჩვენს მიერ შექმნილი დოვლათი ასაზრდოებს ეკონომიკას, ხელს უწყობს ვალუტის კურსის სტაბილურობას და საგარეო ვალის შემცირებას. ჩვენი ხმა მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ამიტომაც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, არ გავჩუმდეთ და მკაფიოდ გავემიჯნოთ ძალადობას და მოვითხოვოთ მთავრობისგან, მოახდინოს ადეკვატური რეაგირება და მომავალშიც თანმიმდევრული ქმედებებით დაგვარწმუნოს, რომ კანონის აღსრულება არის ხელისუფლების და არა საზოგადოების ცალკეული ჯგუფების ხელში.

როგორც ევროპის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებლებმა უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია 2020 წლის 14 ივლისის განცხადებაში, თუმცა მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა კომპანიამ და ცალკეულმა ინდივიდმაც მკაფიოდ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
გვჯერა, რომ ჩვენნაირად განიცდის და ფიქრობს ყველა ის ადამიანი, ვინც თავისი შრომით ქმნის დოვლათს და იმედი გვაქვს, შემოგვიერთდებიან ამ მოწოდებაში", - წერია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება საქართველოს მეღვინეებმაც გამოაქვეყნეს და 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობას გაემიჯნენ

5 ივლისს ღირსების მარში იყო დაგეგმილი, თუმცა რუსთაველის გამზირი დილიდან დაიკავეს მოძალადე ჰომოფობებმა, რის გამოც თბილისი პრაიდმა მარში გააუქმა. საპატრიარქოსა და მოძალადე ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე. სულ მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

 
 
 

close დახურვა