logo
ENG



"მედია თავდასხმის ობიექტია" - ბათუმში მდუმარე აქცია იმართება

19 ივლ 202114:37
3 წუთის საკითხავი
clock 689

"მედია თავდასხმის ობიექტია" - ამ წარწერით და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ფოტოებით ბათუმში მდუმარე აქცია იმართება.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელიც ბათუმში იმყოფება, გააგებინონ, თუ რა პირობებში მუშაობენ საქართველოში მედიის წარმომადგენლები.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ მუდმივად თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუციებზე საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ პერსპექტივას.

„აქციის მიზანია კიდევ ერთხელ განაცხადოს სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიამ, რომ საქართველოში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც სურს ქვეყნის ევროპული განვითარება და კარგად აცნობიერებს იმას, რომ დემოკრატიულ პერსპექტივას აქვს სერიოზული პრობლემები. და პირველ რიგში პრობლემები აქვს ხელისუფლებისგან - დაუსრულებელი თავდასხმები დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ქმნის მნიშვნელოვან ხიფათს განვითარების გზაზე", - ამბობს ზვიად ქორიძე

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩამოვიდა. 

შარლ მიშელმა შეხვედრები გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან.

5 ივლისს ღირსების მარში იყო დაგეგმილი, თუმცა რუსთაველის გამზირი დილიდან დაიკავეს მოძალადე ჰომოფობებმა, რის გამოც თბილისი პრაიდმა მარში გააუქმა. საპატრიარქოსა და მოძალადე ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე. სულ მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.


close დახურვა