logo
ENG



"ასეთი ნაბიჯები მადლიერების გრძნობას იწვევს მოსახლეობაში" - ილია II-ს სამადლობელი კირილს

20 ივლ 202122:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/20/7t9zkr16pqhjxm0.jpg

ილია II რუსეთის პატრიარქს კირილს ზაზა გახელაძის გათავისუფლების გამო მადლობას უხდის. წერილს საპატრიარქო აქვეყნებს, რომელიც 19 ივლისითაა დათარიღებული. 

ილია II წერილში აღნიშნავს, რომ "ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში".

"თქვენო  უწმინდესობავ, ქრისტესმიერი სიყვარულით, პატივისცემით მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.

გვინდა გამოვხატოთ მადლიერება პირადად თქვენდამი და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც იღვაწა ზაზა გახელაძის  გათავისუფლებისთვის, რაც არ იყო მარტივი საკითხი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და იგი უკვე 14 ივლისიდან ოჯახს  დაუბრუნდა. ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში. დაე, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა შეეწიოს  ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს, ამინ", - აღნიშნულია წერილში. 

საპატრიარქო ასევე აქვეყნებს 13 ივლისს, რუსეთის პატრიარქის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ის ილია II-ს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით წერს.

"მივიღე 2021 წლის 24 ივლისით დათარიღებულ თქვენი თხოვნის წერილი საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის შუამდგომლობის თაობაზე, რომელიც სასჯელს იხდის  სამხრეთ ოსეთში. ზ. გახელაძის დაჭერის ცნობილი გარემოების და მისთვის წაყენებული ბრალდების გამო, რომლითაც იგია გასამართლებული (მესაზღვრის სიცოცხლის ხელყოფა), საქმე ნამდვილად არ არის ადვილად გადასაწყვეტი.

 მიუხედავად ამისა, ჩემის მხრიდან გადაიდგა ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის; მათ შორის სათანადო მიმართვაც გაიგზავნა ბატონ ა.ი. ბიბილოვთან. გვაქვს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც შეამსუბუქებს დაკავებულის ხვედრს და ახლობლების მწუხარებას. 

ქრისტესმიერი სიყვარულით და თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელად ყოფნის სურვილით", - ნათქვამია წერილში.

ოკუპირებულ ცხინვალში ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ზაზა გახელაძე 14 ივლისს გაათავისუფლეს. გახელაძე დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

ზაზა გახელაძე ერთი წლის წინ, 2020 წლის 11 ივლისს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს. დაკავებისას კი ფეხში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას 12-წლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს. 


close დახურვა