logo
ENG



ფორმულას ცნობით, თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას წარადგენენ

21 ივლ 202114:21
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი

ფორმულას ინფორმაციით, კვირის ბოლოს თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას წარადგენენ. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდნენ.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, კანდიდატის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 

"მიმდინარეობს მსჯელობა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან მათ შორის, ზოგად პლატფორმაზე. დიდი იმედი მაქვს, მეც და საქართველოს ყველა მოქალაქეს, საზოგადოებას, რომელიც ელოდება ამ კამპანიის დაწყებას, რომ ეს იქნება ნამდვილად გამარჯვების ფორმულა. ამ ყველაფერს სულ რამდენიმე დღეში ვიხილავთ", - თქვა მან.

ასევე, ფორმულას ინფორმაციით, კონსულტაციები დაწყებულია საკრებულოს თავმჯდომარის და ვიცე-მერის თანამდებობებზე კანდიდატების წარსადგენადაც, რაზეც ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე მოიაზრებიან. 

თავად გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს გაცხადებული აქვს რომ მერობის კანდიდატობა სურს, შესაბამისად, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზეც, მოხსნის თუ არა ის მის კანდიდატურას მელიას სასარგებლოდ. 

ნიკა მელიას აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის ნინო ბურჯანაძის პარტიისა და ევროპული საქართველოს მხარდაჭერაც. 

"აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ, ევროპულ საქართველოს, ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, კოორდინირება და შეთანხმება ამ არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს თავჯდომარეებზე. დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა ჩვენი აზრით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან არასდროს.

ამიტომ, იმედი გვაქვს და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ სულ ორიოდე დღეში ყველა თქვენ ამ კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი. ის გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, აბსოლიტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველას მოგახსენებთ ორიოდე დღეში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

პოზიციის ჩამოყალიბების პროცესშია პარტია ლელო. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გააჟღერებენ ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას. 

"უმნიშვნელოვანესი საკითხია ქართულმა ოცნებამ ვერ მოაგროვოს 43% და ჩაინიშნოს რიგგარეშე არცევნები", - თქვა ჯაფარიძემ. 

ამასთან სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ისევ მესამე ძალის ჩამოყალიბებაზე საუბრობს და ამბობს, რომ 

"სწორი იქნება, მესამე ძალა ჩამოყალიბდეს და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი, ყველა პოზიციაზე თავისი კანდიდატი. იმსიათვის რომ ხალხს მივცეთ არცევანი, რომ არაა არჩევანი მხოლოდ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. არაა არჩევანი მხოლოდ აწმყოსა და წარსულს შორის, არჩევანი არის აწმყოსა და მომავალს შორის", - თქვა ვაშაძემ.

ნიკა მელიას მხარდაჭერაზე უარს ამბობს პარტია მოქალაქეებიც. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მისი პარტია არანაირ გაერთიანებებში მონაწილეობას არ აპირებს. 

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. 


close დახურვა