logo
ENG



ეთიკის ქარტიაში კრიტიკულ მედიაზე საპატრიარქოს განცხადებას "საფრთხის შემცველს" უწოდებენ

22 ივლ 202118:58
3 წუთის საკითხავი
clock 943
2021/07/22/srrwgchn641w7ia.jpg

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი კრიტიკულ მედიაზე საპატრიარქოს განცხადებას "საფრთხის შემცველსა" და "ძალადობის წამხალისებელ" ქმედებას უწოდებს.

მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, საპატრიარქო პირდაპირ ახალისებს ძალადობას, როცა კონკრეტულ მედიასაშუალებებს მიუთითებს.

„საპატრიარქოს განცხადება ახალისებს ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს. იგი პირდაპირ უთითებს მედიას, რომლის მუშაობაც მას არ მოსწონს და მას აქვს სრული უფლება, რომ არ მოსწონდეს კონკრეტული მედიასაშუალების მუშაობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა წაახალისოს ძალადობა. ჩვენ ვიხილეთ 5 ივლისი და სასულიერო პირები, რომლებიც ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდნენ, ამიტომ, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია საპატრიარქოს მხრიდან მსგავსი პოზიციის დაფიქსირება და განცხადების გამოქვეყნება", - ამბობს გოგოსაშვილი.

ქარტიის დირექტორის თქმით, საპატრიარქო უნდა აცნობიერებდეს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის მსგავს განცხადებებს, განსაკუთრებით კი 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ.

„თუ ირღვევა ეთიკის ნომრები, შეუძლიათ მიმართონ ეთიკის ქარტიას. გვქონია შემთხვევა, როცა მოგვმართა სასულიერო პირმა და ვიმსჯელეთ მის განცხადებაზე. ასეთი ტიპის განცხადებებით ახალისებენ ძალადობას და თავადაც აღიარებენ, რომ 5 ივლისის დღეს ადგილი ჰქონდა გადაცდომებს კონკრეტული სასულიერო პირების მხრიდან. უნდა აცნობიერებდნენ, რა შეიძლება მოჰყვეს ამ განცხადებას", - აცხადებს მარიამ გოგოსაშვილი.

საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის მიმართავს ცალკეულ პირებსა და ტაძრების წინამძღვრებს, რომ შეუძლიათ, მიმართონ კონკრეტულ ტელევიზიებს და აღარ ჰქონდეთ მათ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია.  საპატრიარქოსვე განცხადებით, მოთხოვნის დაუკმაყოფლებლობის შემთხვევაში, პოლიციას ექნება ვალდებულება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა კონკრეტულ სივრცეში მუშაობა.

საპატრიარქო განცხადებით ესხმის თავს კრიტიკულ მედიებს და ამბობს, რომ სამი არხი - ფორმულა, მთავარი და ტვ პირველი - შეურაცხყოფენ სასულიერო პირებს. 

საპატრიარქოს განცხადებით, ამ არხების ეთერებიდან „ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ  მოწოდებებიც".

 


close დახურვა