სტრატეგია აღმაშენებელი თბილისის მერობის არჩევნებზე ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს არ უჭერს. როგორც გადაცემა პოლიტმეტრში გიორგი ვაშაძემ თქვა, ქართული ოცნების დამარცხებისთვის მრავალფეროვანი არჩევანია საჭირო.
"მე წარმატებებს ვუსურვებ მათ. უბრალოდ, განსხვავებული გზა გვაქვს. მართლა ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზე მთავარია ქართულ ოცნებას 43% არ ავაღებინოთ და თითოეული პოლიტიკური ძალის ვალდებულებაა, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა მოვიტანოთ საერთო ძალისხმევაში. თბილისში და რეგიონებშიც არის ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელიც არ უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას. მე ვფიქრობ, რომ მრვალფეროვანი არჩევანის მიცემის შემთხვევაში 58%-იან ნიშნულზე საერთო ეროვნულად გასვლის შანსი გაცილებით დიდია, ვიდრე ყველა ერთად შევერთდეთ და საერთო კამპანია ვაკეთოდ", - განაცხადა ვაშაძემ.
სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი ამბობს, რომ მერობისთვის ბრძოლას თვითონ არ აპირებს და არც ის უთქვამს ამ კუთხით რას აპირებს პარტია.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. ამასთან, გირჩი - მეტი თავისუფლება ვიცე-მერობის კანდიდატს წარადგენს.
ნაციონალური მოძრაობა თბილისის მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს. გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ეცდება ყველა მუნიციპალიტეტში ჰქონდეს პარტიული სია და ჰყავდეს საკუთარი მერობის/გამგებლობის/მაჟორიტარობის კანდიდატები. გამონაკლისი იქნება მხოლოდ თბილისი, სადაც ექნებათ პარტიული სია, მაგრამ არ დააყენებენ მერობის საკუთარ კანდიდატს და მხარს დაუჭერენ მელიას და ხოშტარიას. თბილისში მათ ეყოლებათ ვიცე-მერობისა და მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო კანდიდატებზე ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი -მეტი თავისუფლება და მოძრაობა დროა შეთანხმდნენ.