logo
ENG



ხვიჩია: არასწორი სტრატეგიაა ერთიანი მერობის კანდიდატით გასვლა კახა კალაძის წინააღმდეგ

24 ივლ 202102:05
3 წუთის საკითხავი
clock 1344
ხვიჩია: არასწორი სტრატეგიაა ერთიანი მერობის კანდიდატით გასვლა კახა კალაძის წინააღმდეგ
ვახო ქარელი/ფორმულა

გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ თბილისის მერობის არჩევნებზე ოპოზიციის მხრიდან ერთიანი კანდიდატის დაყენება არასწორი სტრატეგიაა. ამის შესახებ მან გადაცემა 360 გრადუსში ისაუბრა. 

"ვფიქრობ, რომ არასწორი სტრატეგიაა ერთიანი მერობის კანდიდატით გასვლა კახი კალაძის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ყველა პარტიამ ჯობია დააყენოს კანდიდატი, რომ მეორე ტური გახდეს რეალისტური. თუ ორი კანდიდატი იქნება, ერთ-ერთი აუცილებლად მოიგებს პირველ ტურში. ამ წუთის მოცემულობით ვიცით, რომ ფავორიტი არის კახა კალაძე", - ამბობს ხვიჩია. 

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა ისარგებლოს იმ შანსით, რომელიც გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტს ვერ იაღებს:

"ამ დროს ქართული ოცნების მერობის კანდიდატს მეორე ტურში მოუწევს გასვლა, როგორც იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელმაც ვერ აიღო 43 პროცენტი, რომელიც აჩენს შანსს". 

თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო კანდიდატებზე ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი -მეტი თავისუფლება და მოძრაობა დროა შეთანხმდნენ. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. ამასთან, გირჩი - მეტი თავისუფლება ვიცე-მერობის კანდიდატს წარადგენს. 

ნაციონალური მოძრაობა თბილისის მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს. გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ეცდება ყველა მუნიციპალიტეტში ჰქონდეს პარტიული სია და ჰყავდეს საკუთარი  მერობის/გამგებლობის/მაჟორიტარობის კანდიდატები. გამონაკლისი იქნება მხოლოდ თბილისი, სადაც ექნებათ პარტიული სია, მაგრამ არ დააყენებენ მერობის საკუთარ კანდიდატს და მხარს დაუჭერენ მელიას და ხოშტარიას. თბილისში მათ ეყოლებათ ვიცე-მერობისა და მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი. 


close დახურვა