logo
ENG



თბილისში კრიტიკული მედიის, ოპოზიციისა და აქტივისტების საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა

24 ივლ 202112:20
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელეთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა. 

პლაკატებზე გამოსახულნი არიან კრიტიკული არხების მედიამენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები, დატანილია წარწერებიც. კონკრეტული ადამიანები გამოსახულნი არიან ცისარტყელას ფონზე.

უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, სიძულვილის ენას წინასაარჩევნოდ ყოველთვის აქტიურად იყენებს მმართველი პარტია და აღნიშნული პლაკატების გამოჩენასაც სწორედ ქართულ ოცნებას უკავშირებენ.

ოპოზიციონერები იხსენებენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, როცა ქუჩებში გამოფენილი იყო სიძულვილის ენის შემცველი ბანერები.

მმართველი პარტიის ოპონენტები აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ კვლავ არაფერი აქვს სათქმელი ამომრჩევლისთვის და ამიტომ ისევ სიძულვილის კამპანიის წარმოებას აპირებს.

„ახალგაზრდა ადამიანები, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებზე ზრუნვაში, ქვეყნის მშენებლობაში, სისულელე პლაკატების გაკვრაში უხდიან თანხებს. რცხვენიათ ამ ადამიანებს ამის გაკეთების და კონკრეტულ სოციალურ ქსელში ვიდეოდანაც ჩანდა, რომ სირცხვილისგან იწვიან, მაგრამ ფულის სანაცვლოდ ამაზეც თანახმა არიან. სიძულვილის გარდა ქართულ ოცნებას არ დარჩენია არაფერი, არაფერი აქვს სათქმელი", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება პირდაპირ აღვივებს საზოგადოებაში შუღლს და ახალისებს ძალადობას. მათივე თქმით, ამ ეტაპზე სამიზნე კრიტიკული მედია აღმოჩნდა.

„წინასაარჩევნოდ მიდის იმ სცენარისკენ ხელისუფლება, რომ გააღვივოს შუღლი და ადამიანები დააპირისპიროს. ახალი მტერი ჰყავს - ჟურნალისტები, მედიამენეჯერები, კონკრეტული ტელეკომპანიები. აქამდე სხვა მტრები არსებობდნენ. ყველა ის ჯგუფები იქნება მტერი, ვიდრე ხელისუფლების აზრს არ დაეთანხმება. ესაა პირდაპირ ძალადობის წახალისება", - აცხადებს გიორგი ნონიაშვილი, ევროული საქართველოს წევრი.


close დახურვა