logo
ENG



რატომაა გამოხატვის თავისუფლებისთვის მნიშვნელოვანი სტრასბურგის გადაწყვეტილება აიისა-ს საქმეზე

26 ივლ 202110:55
3 წუთის საკითხავი
clock 493
2021/07/26/knaubqqgstzien2.jpg

22 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლითაც არა მხოლოდ ერთი კონკრეტული განმცხადებლის უფლების დარღვევა დაადგინა, არამედ სახელმწიფოსა და ეროვნულ სასამართლოებს შეახსენა დემოკრატიისა და პლურალისტური საზოგადოების ფუნდამენტური დებულება. ის, რომ დაუშვებელია უმრავლესობის, მათ შორის, მართლმადიდებელური ეკლესიის წევრთა, შეხედულებების კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებზე მაღლა დაყენება.

ალბათ, არავისთვის იქნება სიახლე, თუ გავიხსენებთ, რომ 2018 წელს აიისას დაჯარიმების მიზნით თბილისის მერიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ქართული იდეის განცხადების პასუხად შეადგინა. მისი წევრები და მხარდამჭერები: დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯონდი ბაღათურია, გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ჩაჩუა, მაშინ აქტიურად ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს.

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ეროვნული სასამართლოების მიერ განვითარებული მსჯელობა, რომლითაც მათ შეუზღუდეს განმცხადებელს გამოხატვის თავისუფლება, არ იყო არც რელევანტური და არც საკმარისი, რათა გამართლებულიყო ჩარევა კონვენციის მე-10 მუხლში.

მეტიც, თავიანთი გადაწყვეტილებებით, მათ მართლმადიდებულური ეკლესიის წევრთა შეხედულებები, კონვენციით და კონსტიტუციით დაცულ უფლებაზე მაღლა დააყენეს. სასამართლოს ეს შეფასება, ჩვენს რეალობაში კიდევ უფრო მეტად სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია, ვინაიდან ჯერაც არ დასჯილან 5 ივნისს, თბილისის ქუჩებში სანქცირებული ძალადობის ორგანიზატორები, რომლებიც სწორედ რელიგიური მოტივებით ამართლებდნენ სხვა ადამიანებზე ძალადობას.

საკუთარ დასაბუთებაში სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელა, როგორც აიისას მიერ საჯარო დისკუსიაში წვლილის შეტანის შესახებ ასევე, თითოეულ სადავოდ გამხდარ ვიზუალთან დაკავშირებითაც.

საჯარო დებატის წამოწყება/წვლილის შეტანა

"სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ გარემოებებისაგან განსხვავებით, რომლებზეც ყურადღებას ამახვილებდნენ შიდა სასამართლოები და მთავრობა, განმცხადებლის ბრენდის მიზანი იყო საზოგადოებრივი დებატების წამოწყება ან/და წვლილის შეტანა ზოგადი ინტერესის მქონე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ბრენდის დეკლარირებული მიზანი, რომელიც ბაზარზე ჩაშვებისთანავე გაცხადდა, იყო სტერეოტიპების დამსხვრევა და "სექსისა და სექსუალობის სწორად გააზრებაში დახმარება". განმცხადებლის მიერ გამოყენებული ზოგიერთი სურათი ეხებოდა ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების ურთიერთობებს.

გარდა ამისა, ბრენდის მიერ გამოყენებული რამდენიმე ვიზუალი წარმოადგენდა როგორც სოციალურ, ასევე პოლიტიკურ კომენტარს სხვადასხვა მოვლენების ან საკითხების შესახებ. [...] შესაბამისად, მთავრობის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ განმცხადებლის "გამოხატვა" უნდა განიხილებოდეს მხოლოდ კომერციულ კონტექსტში, რაც ხელისუფლებას აძლევდა ფართო მიხედულების ზღვარს ადგილობრივ დონეზე, გარკვეული სიფრთხილით უნდა იქნას განხილული".

ევროპული სასამართლოს შეფასებით, იმ შემთხვევებში, როდესაც გამოხატვა ნაწილობრივ მაინც საჯარო ინტერესის საკითხებზე მოსაზრების გავრცელებაა, სახელმწიფოს ჩარევის არეალი ვიწროა. განსხვავებული მიდგომაა, როცა გამოხატვა მხოლოდ კომერციული ხასიათისაა.

სადავოდ გამხდარი ვიზუალები და მათი შეზღუდვის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში

შიდა სასამართლოებისაგან განსხვავებით, სტრასბურგის სასამართლო არ მორიდებია სადავოდ გამხდარი თითოეული ვიზუალის შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის სიღრმისეულ შესწავლას. შესაბამისად, სათითაოდ შეაფასა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ განვითარებული მსჯელობა ყველა შეზღუდვის გასამართლებლად.

პანდას ვიზუალთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს არასაკმარის დასაბუთებაზე, რომლის მიხედვითაც, ვიზუალი და თანდართული ტექსტი გაუმართლებლად შეურაცხყოფდა მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანების ცხოვრების წესსა და რელიგიურ სწავლებას იმის თაობაზე, რომ სექსუალური ურთიერთობები თავიდან უნდა იქნეს აცილებული მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების დროს.

"სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე იმის შესახებ, რომ გამოსახულება და თანმხლები ტექსტი გაუმართლებლად შეურაცხყოფდა  მართლმადიდებელი ქრისტიანების ცხოვრების წესსა და რელიგიური სწავლება იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების დროს საჭიროა სექსუალური ურთიერთობების თავიდან აცილება. ამასთან, სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ ეს მიზეზები საკმარისი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩარევის აუცილებლობის გასამართლებლად".

სასამართლოსთვის ასევე გაურკვეველი დარჩა ეროვნული სასამართლოების დაჟინებული მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი სადავო გამოსახულება ე.წ მაკურთხებელ მარჯვენად, როგორც ქრისტიანული რწმენის სიმბოლოდ, ისე უნდა მიჩნეულიყო. მაშინ, როდესაც სურათზე აშკარად ქალის მარცხენა ხელის ორი თითი იყო გამოსახული. სასამართლოს შეფასებით, ამ შემთხვევაში, ისევე როგორც გვირგვინის გამოსახულებიანი ვიზუალის აკრძალვის დასაბუთების ნაწილში, ეროვნულ სასამართლოებს არ განუმარტავთ არსებობდა თუ არა "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება", როგორც ეს სასამართლოს პრაქტიკით არის დადგენილი.

თამარ მეფის ვიზუალიზაციაზე მსჯელობისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მისი, როგორც მეფის და შესაბამისად, საჯარო ფიგურის როლი ქვეყნის ისტორიაში, ასევე კონკრეტული კონტექსტი და რელიგიური ჯგუფების დამოკიდებულება მისი პიროვნების მიმართ. ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თამარ მეფე, მათ შორის, იყო საჯარო ფიგურა და კონკრეტული რელიგიური მრწამსის მქონე ორგანიზაციის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა ვერ გადაწონის მის საჯაროობას და აქამდე არსებულ იმ სტანდარტებს, რომლებიც ადამიანებს უფლებას ანიჭებს გააკრიტიკონ/გააშარჟონ ესა თუ ის საჯარო ფიგურა.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაამატა, რომ ვერ დაინახა შიდა სასამართლოების მხრიდან (რომლებიც უკეთ იცნობენ ადგილობრივ კონტექსტს) ვერცერთი მცდელობა შეეფასებინა გამოსახულების შინაარსი, გაეშიფრა მასზე დატანილი ტექსტი და განესხვავებინა საჯარო კრიტიკა პირდაპირი რელიგიური მოტივით თავდასხმისგან.

აღნიშნულის საპირისპიროდ, ეროვნულ დონეზე სასამართლოებმა პირდაპირ, გადაუმოწმებლად გაიზიარეს რელიგიური ფიგურების ეთიკური დამოკიდებულებები ამ საკითხისადმი, რაც როგორც ევროკონვენციის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.

საბოლოოდ, სასამართლო ვრცელი მსჯელობის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ გაუჭირდებოდა ცალსახად ეთქვა აღნიშნული ვიზუალის გამო განმცხადებლის დაჯარიმება არღვევდა თუ არა კონვენციას. სასამართლოს შეფასებით, ეროვნულ დონეზე პროცესის ფარგლებში წარდგენილი არგუმენტები, ისევე როგორც სასამართლოების მიერ განვითარებული მსჯელობა არ იძლეოდა საკმარის საფუძველს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მისაღებად.

ზოგადად, საქმის ერთიანობაში შეფასებისას, სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, "დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით".

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს საქმე არც მხოლოდ ერთი განმცხადებლის მასშტაბით შემოიფარგლება და არც მხოლოდ ერთი სახელმწიფოსათვის არის სტანდარტის დადმდგენი. გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ, თავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკისთვისაც არის ძალიან მნიშველოვანი გადაწყვეტილება.

გარდა იმისა, რომ სასამართლო არ მოერიდა მორალურ თუ ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებული მსჯელობების განვითარებას, თავად გადაწყვეტილება სარჩელის მიღებიდან (განმცხადებელმა სასამართლოს 2018 წლის დეკემბერში მიმართა) მისთვის არადამახასიათებლად მოკლე დროში გამოიტანა. ეს სასამართლოს მხრიდან საქმისათვის პრიორიტეტულობის მინიჭებად შეიძლება ჩაითვალოს.

დასასრულს, უნდა აღინიშნოს რომ გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ ერთხმად არის მიღებული და ამ მიმართულებით არსებული, არც თუ ისე მრავალფეროვანი პრაქტიკის განმტკიცებას ისახავს მიზნად.

რაფიელ კაკაბაძე - აიისას წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში, GDI-ს იურისტი


close დახურვა