logo
ENG



აშშ ერაყში საბრძოლო მისიას წლის ბოლომდე დაასრულებს

27 ივლ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock 978

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის შეიარაღებული ძალები ერაყში მისიას წლის ბოლომდე დაასრულებს, თუმცა ერაყის ჯარებთან კონსულტაციებსა და სწავლებებს გააგრძელებს.

ბაიდენმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ერაყის პრემიერმინისტრმა, მუსტაფა ალ-ქადიმთან თეთრ სახლში მოლაპარაკებები გამართა.

ამ დროისთვის ერაყში 2 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ისინი ადგილობრივ სამხედრო ძალებს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს დაჯგუფესთან გამკლავებაში ეხმარებიან. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა არ დააზუსტა, რამდენი ამერიკელი სამხედრო დარჩება ადგილზე.

"საუბარია მისიის ცვლილებაზე. ეს არაა უარის თქმა ჩვენს პარტნიორობაზე ან ყოფნაზე, ან მჭიდრო თანამშრომლობაზე ერაყის ლიდერებთან", - განმარტა თეთრი სახლის პრესსპირეკა, ჯენ პსაკიმ.

ოფიციალური პირების განცხადებით, მათი ამოცანა კვლავ იქნება არ დაუშვან წლების წინ განვითარებული მოვლენები, როცა ტერორისტულმა დაჯგუფება  ისლამურმა სახელმწიფომ მოსული დაიკავა, ხოლო ათობით ათასმა ბოევიკმა ერაყსა და სირიაში გადაინაცვლა.

ამერიკელი სამზედროების ყოფნა ერაყში მწვავე კამათს იწვევს. აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფნა ერაყში განსაკუთრებით პრობლემური მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკულმა დრონებმა ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი მოკლეს.

ირანის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა პარტიებმა აშშ-ს ხელმძღვანელობით კოალიციური ძალების გაყვანა მოითხოვეს. თავის მხრივ აშშ ერაყში არსებულ შიიტურ დაჯგუფებებს ადანაშაულებს ერაყის სამხედრო ბაზებზე იერიშების მიტანაში, სადაც კოალიციური ძალები არიან განლაგებული. აშშ-ში მიაჩნიათ, რომ შეტევების მიზანია, კოალიციურ ძალებს ქვეყნის დატოვება აიძულონ.

აშშ-ს სამხედრო ძალები ერაყში პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის ჩამოსაგდებად და მასობრივი განადგურების იარაღის გასანეიტრალებლად 2003 წელს შეიჭრნენ. ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყანა 2011 წელს დატოვეს, თუმცა სამ წელში ერაყის მთავრობის თხოვნით უკან დაბრუნდნენ, როცა ისლამურმა სახელმწიფომ ქვეყნის დიდი ნაწილი დაიპყრო.


close დახურვა