ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთვევაში, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.
საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას რიგი დათქმები დაურთო:
"რიგგარეშე არჩევნების საკითხზე გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველოს ჯანსაღი ტრადიცია და სხვა საკითხებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და ქართული ოცნება ამას მიესალმება. მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები, თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და მართვის ამგვარი რეჟიმი სახელმწიფოს ინტერესებს არ დააზიანებს.
ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, კონსტიტუციის შესაბამისად, რაც განვითარებულ ქვეყნებშია დამკვიდრებული.
19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად გაგრძელდება", - თქვა მან და აღნიშნა, რომ მიშელის შეთანხმებამ "თავი ამოწურა".